ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ახალი დარტყმებისთვის ემზადება - უკრაინას მეტი F-16-ის თვითმფრინავი და Gripen-ის ტიპის გამანადგურებლები სჭირდება

რუსეთი ახალი დარტყმებისთვის ემზადება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.
„რუსების მიერ ახალი დარტყმებისთვის მზადების შესახებ ჩვენი დაზვერვისგან ინფორმაცია გვაქვს. გთხოვთ, სარაკეტო საფრთხის სიგნალებზე რეაგირება გქონდეთ და თავს გაუფრთხილდეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, ზელენსკის ცნობით, დღეს შტაბის სხდომა გამართა, სადაც მთავარი თემა რუსული რეაქტიული დრონებისგან დაცვის საკითხი იყო.
„ჩვენს დაზვერვას აქვს დეტალები რუსეთის წარმოების მოცულობის, კომპონენტების მიწოდების სქემებისა და „შაჰედების“ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენების გეგმების შესახებ. ამის წინააღმდეგ საჭიროა როგორც სანქციები, ისე რეალური ექსპორტის კონტროლი. ასევე, რა თქმა უნდა, „შაჰედების“ ჩამოსაგდებად შესაძლებლობები გვჭირდება. უკრაინას მეტი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი სჭირდება და Gripen-ის ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც უკრაინაში უკვე იანვარში გამოჩნდებიან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

























