მარკ რუტე რუსეთის მიერ კოსმოსში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებაზე - ვიზრუნებთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის დაცვაზე, ეს ასევე გულისხმობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას კოსმოსურ სივრცეში

მარკ რუტე რუსეთის მიერ კოსმოსში ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსებაზე  -  ვიზრუნებთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის დაცვაზე, ეს ასევე გულისხმობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას კოსმოსურ სივრცეში

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსი კოსმოსში არსებული ნებისმიერი საფრთხისგან დაიცავს თავს.

რუტემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღით აღჭურვილი თანამგზავრის გაშვებისთვის ემზადება.

“ყოველთვის ვიზრუნებთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის დაცვაზე; ეს ასევე გულისხმობს უსაფრთხოების უზრუნველყოფას კოსმოსურ სივრცეშიც”, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ნატო-ს საპასუხო მოქმედების სხვადასხვა ვარიანტი გააჩნია.

„რაც შეეხება სამხედრო სფეროს, ჩვენ მუდმივად შევაფასებთ ჩვენს შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს და, საჭიროების შემთხვევაში, განვაახლებთ მათ“, - აღნიშნა რუტემ.

მედიაში, გერმანიის სამხედრო და სადაზვერვო უწყებების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულ თანამგზავრს „სპუტნიკ-ს“-ი უწოდეს და ბირთვული ქობინით არის აღჭურვილი. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვა თანამგზავრების, მათ შორის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სადამკვირვებლო თანამგზავრების მუშაობის შეფერხების ან მათი განადგურების მიზნით.