გერმანიაში უკრაინული სადაზვერვო დრონების წარმოება დაიწყება

გერმანიაში უკრაინული სადაზვერვო დრონების წარმოება დაიწყება

გერმანია კიევისთვის უკრაინული “ბაბკას” ტიპის სადაზვერვო დრონების წარმოებას საკუთარ ტერიორიაზე დაიწყებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბერლინში, უკრაინელ კოლეგასთან, ევგენი ხმარასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, ბერლინი წარმოების სიმძლავრეების შესაქმნელად დაახლოებით 34 მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტის განსახორციელებლად, გერმანულმა კომპანია Wingcopter-მა და უკრაინულმა კომპანია Shadow Flytech-მა ერთობლივი საწარმო დააარსეს.

პისტორიუსმა და ხმარამ ასევე ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ბუნდესვერმა უკრაინული საბრძოლო მართვის სისტემა „დელტა“ უნდა გამოიყენოს. პისტორიუსის განცხადებით, გასულ თვეში გერმანიის სახმელეთო ჯარებმა ეს სისტემა უკრაინელ სამხედროებთან ერთად უკვე გამოსცადეს. ახლა იგეგმება მისი შემდგომი განვითარება და ბუნდესვერის მიერ გამოყენებისთვის მომზადება.

თავის მხრივ, ევგენი ხმარამ ისაუბრა თავდაცვის სფეროში ექვს ერთობლივ პროექტზე, რომელთა საინვესტიციო მოცულობა ერთ მილიარდ ევროზე მეტია, ასევე ახალ კონტრაქტზე, რომელიც IRIS-T-ის ტიპის 1 000 რაკეტის წარმოებას ითვალისწინებს.

ბორის პისტორიუსის განცხადებით, მომავალ წელს გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის 11.6 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. უპირველეს ყოვლისა, ეს თანხები ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს.