პრემიერი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, არ აინტერესებთ ახალგაზრდების ბედი - ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი

ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ეს აჩვენებს პრინციპულ სხვაობას მმართველ ძალასა და ამ რადიკალურ ოპოზიციას შორის. მათთვის არ არსებობს არც ჰუმანიზმი და არც ადამიანების ინტერესების გათვალისწინება. ჩვენ კი ჰუმანურად ვმოქმედებთ მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც მძიმე დანაშაულში არიან მხილებულნი, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების საფუძველზე აქციებზე დაკავებული რამდენიმე პირის გათავისუფლებას.
მისი თქმით, ხელისუფლებას თითოეული ადამიანის ბედი აინტერესებს, მათ შორის ისეთი ადამიანების ბედი, „რომლებიც მძიმე ძალადობრივ აქტში მონაწილეობდნენ“.
„ისინი[ოპოზიციის წარმომადგენლები] იმალებოდნენ, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს ძალადობისკენ აქეზებდნენ, შემდეგ ხდებოდა მოძალადეების დაპატიმრება და ისინი გამქრალნი იყვნენ. საუბარია ადამიანებზე, უმეტესობა ახალგაზრდები არიან, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ, დატოვონ საპატიმრო დაწესებულება მონანიებით, რაც რვა ადამიანმა გააკეთა. მაგრამ აქაც კი ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, არ აინტერესებთ არც ახალგაზრდების ბედი და არც არაფერი.
ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც ჩართულები იყვნენ ძალიან მძიმე ძალადობრივ აქტებში. შესაბამისად, გავაკეთეთ ჰუმანური განცხადება, მივიღეთ ჰუმანური გადაწყვეტილება და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, გათავისუფლების შესაძლებლობა მივეცით ყველას, ვინც დანაშაულს მოინანიებდა - ზოგიერთ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმებით, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ შეწყალების შესაძლებლობა მიეცათ.
ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ეს აჩვენებს პრინციპულ სხვაობას მმართველ ძალასა და ამ რადიკალურ ოპოზიციას შორის. მათთვის არ არსებობს არც ჰუმანიზმი და არც ადამიანების ინტერესების გათვალისწინება. ჩვენ კი ჰუმანურად ვმოქმედებთ მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება ადამიანებს, რომლებიც მძიმე დანაშაულში არიან მხილებულნი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

























