გიგი წერეთელი - მეუფე იობი მართალია, ქვეყანას გაერთიანება სჭირდება და გვინდა მეტი დავინახოთ ეკლესიისგან, პატრიარქისგან - რთულია ილია მეორის შემდეგ ეს ტვირთი აიწიოს, თუმცა ეკლესიის მხოლოდ ერთ მხარეს დგომა არ არის საკმარისი

გიგი წერეთელი - მეუფე იობი მართალია, ქვეყანას გაერთიანება სჭირდება და გვინდა მეტი დავინახოთ ეკლესიისგან, პატრიარქისგან - რთულია ილია მეორის შემდეგ ეს ტვირთი აიწიოს, თუმცა ეკლესიის მხოლოდ ერთ მხარეს დგომა არ არის საკმარისი

საპატრიარქოს ბევრი მოთხოვნა ექნება, რომელიც გვერდით არის გადადებული, მაგრამ ახლა ეს ამბავი [სუროგაციის აკრძალვა] დასჭირდათ იმ დიდი დარტყმის შემდეგ, რაც მეუფე იობის პირველი ქადაგება იყო - სარეაბილიტაციო მექანიზმები ჩაირთო, - ასე აფასებს პარტია “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში სუროგაცია აიკრძალოს.

გიგი წერეთელს თქმით, შიშები არსებობს 28 ნოემბრის აქციასთან მიმართებაში და „ყველა საკითხის წარმოჩენა რაღაცის გადასაფარად ხდება, თემებია, რასაც ჩაწევა სჭირდება“.

„გარდა სამედიცინო და სოციალური ფაქტორისა, მთავარ ამოცანად ვხედავ იმ ფაქტს, რომ ყველა საკითხის წარმოჩენა ხდება რაღაცის გადასაფარად, თემებია, რასაც ჩაწევა სჭირდება. 28 ნოემბრის მოახლოების პირობებში, ასე ხდება, წინა დღეებში რაღაც თემები უნდა შემოვიდეს. ვფიქრობ, შიშები არსებობს [28 ნოემბრის აქციაზე]. რატომ ვახსენე 28 ნოემბერი და შიში? ამ პროცესს უფრთხიან. აშინებენ და აქ ხედავენ საპატრიარქოს და ეკლესიას, როგორც ფარს, რომელსაც შეიძლება ამოეფარონ. რაღაცები გაანეიტრალონ, შეამსუბუქონ. რეალურად, ასეა, ჩვენი ეკლესია ყველაზე მაღალ ავტორიტეტულ ინსტიტუტად რჩება. მისი კეთილგანწყობა მნიშვნელოვანია.

თან, მთავარ თემად შემოდის საპატრიარქოს საკითხი. თითქოს, საფუძველი არის საპატრიარქოს მოთხოვნა. საპატრიარქოს ბევრი მოთხოვნა ექნება, რომელიც გვერდით არის გადადებული, მაგრამ ახლა ეს ამბავი დასჭირდათ, როგორმე იმ დიდი დარტყმის შემდეგ, რაც მეუფე იობის პირველი ქადაგება იყო და სხვა განცხადებები მოჰყვა. ეს დიდი ზიანის სიგნალი იყო. საერთო ინსტიტუტების მიტაცების პროცესში, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. გიორგობის დღესასწაულზე, ვნახეთ, რომ მათ მიიღეს „კომპენსაცია“ - მოწონებულია სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება. თითქოს განეიტრალდა წინა პერიოდის განცხადებები.

ძალიან ბევრი თემაა, რომელიც მეტ ყურადღებას საჭიროებს საპატრიარქოს მხრიდან. მეუფე იობმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ დავსხდეთ და გადავწყვიტოთ. სარეაბილიტაციო მექანიზმები ჩაირთო. ფაქტი ერთია, „ქართული ოცნების“ ამ საკითხის აქტუალიზაცია ემსახურებოდა უფრო ამას, ვიდრე სამედიცინო ფაქტორს.

კომერციულ სუროგაციას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. ეს დიდი ეკონომიკური და კომერციული ინტერესის სფეროა. ტექნოლოგიებმა ეს მოიტანა. არ არის ცოტა, სხვადასხვა გათვლებით, წლიურად შეიძლება 50-60 მილიონის ბრუნვა იყოს ამ სფეროში, ბევრი უცხოელია ჩართული. ყველამ ვიცით, რა იქნება ამის ნეგატიური მხარე [იატაკქვეშ გადავა]. პირდაპირ არის გაცხადებული, ვერ გავაკონტროლებთ ამ სფეროს, ამიტომ უნდა ავკრძალოთო. რას მოიტანეს ეს, თუნდაც, რამდენიმე ასეული ან ათეული ქართული ოჯახისთვის, ვისაც სხვა გზა არ აქვს? ქალები სხვა ქვეყნებში აღმოჩნდებიან“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ამასთან, მან ისაუბრა იმაზეც, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რა პოზიცია უნდა დაიჭიროს ეკლესიამ, მათ შორის, გიგი წერეთელმა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობის ის განცხადებაც შეაფასა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ ეკლესია ვერც ოპოზიციასთან და ვერც ხელისუფლებასთან იქნება დაპირისპირებული, ეკლესიამ ერი უნდა გააერთიანოს და დიალოგი იმისთვის არსებობს, რომ ერთად დასხდნენ და იმსჯელონ.

გიგი წერეთლის თქმით, ქვეყნის გაერთიანებისა და შიდა პოლარიზაციის დასრულების პროცესში ეკლესიას მნიშვნელოვანი მედიატორის როლის შესრულება შეუძლია.

„მეუფე იობის პოზიცია სწორია თავისი შინაარსით. ქვეყანას გაერთიანება სჭირდება, მით უმეტეს ჩვენ გარე საფრთხეები გვაქვს, საქართველოს დღევანდელობა უნდა იყოს საინტერესო. იმედი უნდა ჰქონდეს ხალხს და არ დაიცალოს ქვეყანა, სხვებმა არ ჩაანაცვლონ.

არ ვიცი, ეს მოწოდება იქნება თუ არა ახალი პატრიარქის თუ სხვების მიმართ, მაგრამ ეკლესიას შეუძლია ითამაშოს როლი. ამ წუთას, შიდა პოლარიზაციასთან დაკავშირებით, ეს მოკრძალებულია. რას ნიშნავს დიალოგი და დასხდომა? თუ მედიატორი ხარ უნდა მიუთითო, დაანახო, სად არის შეცდომა, რა უნდა გააკეთონ, ეკლესიის მთავარი ფუნქციაც ეს არის ღმერთის და ხალხის მსახურება“,- აღნიშნა გიგი წერეთელმა.

რაც შეეხება უშუალოდ, პატრიარქის, შიო მესამის როლს, გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ „ერთ მხარეს დგომა თუნდაც, პოლარიზებულ ვითარებაში, არ ნიშნავს დიალოგის, გაერთიანების, ურთიერთგაგების ხელშეწყობას“.

„ეს არ არის საკმარისი, იმასთან დაკავშირებით, რა პრობლემების არის, გვინდა მეტი დავინახოთ ამ ინსტიტუტისგან, მისი ხელმძღვანელისგან, პატრიარქისგან. ჯერ საკმაოდ მოკრძალებული ამბავია. რთულია ილია მეორის შემდეგ, ეს ტვირთი აიწიოს, როგორც ის ახერხებდა. შეიძლება არსებობს პოტენციალი, მაგრამ ამას რეალიზება სჭირდება. ერთ მხარეს დგომა თუნდაც, პოლარიზებულ ვითარებაში, არ ნიშნავს დიალოგის, გაერთიანების, ურთიერთგაგების ხელშეწყობას. ეს აღრმავებს ნაპრალებს, საზოგადოების ერთ ნაწილს მეორისგან აშორებს. როდესაც ცოდვებზეა საუბარი, ცოდვა უამრავი გვაქვს, მათ შორის, კორუფციაში არ არის ცოდვები? ნარკოტიკების მიმოქცევაში? ერთმანეთის დაუნდობლობაში არ არის? სუროგაციის ცოდვებთან ერთად, არ უნდა დაავიწყდეს არავის სხვა ცოდვები“,- აღნიშნა გიგი წერეთელმა.

გარდა აღნიშნული თემებისა, გიგი წერეთელი საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვში ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე საჭიროა. რუსეთი გაშმაგებით იბრძვის ჰიბრიდულად საქართველოში და საპატრიარქოს მნიშვნელოვანი დელეგაცია რუსეთში მისალოცად წავიდა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მინსკში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გაუგებარ მოლაპარაკებაში იყო ჩართული და სტრატეგიულ პარტნიორებთან - ბრიუსელში არაფერი ხდება და არავინ არის არც ვაშინგტონში. იმ ფლანგზე, სადაც ყველაზე მეტი აქტიურობა გვჭირდება, არაფერია.

რუსეთის საპატრიარქოსთან დამოკიდებულება ვიცით, გავლენები, ურთიერთობები არსებობს. არ იყო სასიამოვნო ჩემთვის ის, რომ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩავიდა და ეახლა პატრიარქს, რომელიც უკრაინასთან ომის მხარდამჭერია, ტანკებს და იარაღს ლოცავდა, აგულიანებდა ხალხს, რომ წმინდა საქმეზე მიდიან.

ეს არ იყო საჭირო და ამის დემონსტრირება არაფრის მომტანია. როდის ვნახეთ პატრიარქ კირილის პოზიციები საქართველოსთან, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე? რა იქნება შედეგი? არაფერი, რუსულმა პროპაგანდამ ანახა, როგორ ჩავიდა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.