პარლამენტმა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, მთავრობის ინიციატივით „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეთავაზებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, მთავრობის ინიციატივით „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეთავაზებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, მთავრობის ინიციატივით „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეთავაზებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ხუთი კანონპროექტისგან შედგება, როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

ეზუგბაიას განცხადებით, ცვლილებების მიზანი ქართული მეღვინეობის ხელშეწყობა, ქართული ღვინის ხარისხის ამაღლება და სტატუსის დაცვაა როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საექსპორტო ბაზარზე.

ცვლილების თანახმად, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ალკოჰოლიანი სასმლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ემატება. ასევე სააგენტოს უფლებამოსილებად განისაზღვრება ღვინის კომპანიაში ალკოჰოლიანი სასმლის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისა და სპირტის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვა, საქართველოში წარმოებული, შიდა და გარე ბაზრებისთვის განკუთვნილი, ასევე საქართველოში იმპორტისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის სერტიფიცირება.

ამასთან, ზუსტდება მეღვინეობის პრაქტიკაში დამხმარე მასალების გასახსნელად გამოსაყენებელი წყლის გამოყენების საკითხი. კერძოდ ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყლის დამატება აკრძალული რჩება, გარდა საფუარის, ბენტონიტისა და სხვა დამხმარე მასალების გასახსნელად გამოყენებული წყლისა.

ცვლილების თანახმად, იქმნება სახელმწიფო ენოთეკის ინსტიტუტი. სახელმწიფო ენოთეკა - ეს არის ღვინისა და სპირტიანი სასმელის შენახვისა და კოლექციონირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად მოწყობილი სივრცე, სადაც სხვადასხვა სახეობის, წარმოშობისა და მოსავლის წლის ღვინისა და სპირტიანი სასმელის კოლექცია იქნება დაცული. სახელმწიფო ენოთეკის შექმნა, მართვა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ღვინისა და სპირტიანი სასმელების კოლექციის ფორმირება, შენახვა, აღრიცხვა, განახლება და შევსება, აგრეთვე ენოთეკაში დაცული ღვინოების, სპირტიანი სასმელების და ტარის შესახებ შესაბამისი ინფორმაციისა და მონაცემთა სისტემატიზაცია, აგრეთვე განკარგვა ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივა იქნება.

სავალდებულო სერტიფიცირების მოთხოვნები სახელმწიფო ენოთეკაში განთავსებულ ღვინოსა და სპირტიან სასმელზე არ გავრცელდება.

საკანონმდებლო პაკეტს დაჩქარებული წესით იხილავს.