გიორგი სიორიძე - ჩვენი შეკითხვები იქნება მხილების შეკითხვები, რომლითაც გამოვლინდება კიდევ ერთხელ, რომ არანაირი რეალური საფუძველი, ფაქტები არ არსებობს „ლელოსთან“ მიმართებით, რომ ის არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი

საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხის განხილვისას, “ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრები მოსარჩელე მხარეს დასაბუთებული შეკითხვებით მიმართავენ,- ეს განცხადება პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც გიორგი სიორიძე აღნიშნავს, „მხილების” შეკითხვებით, „ქართულ ოცნებას” დაუმტკიცებენ, რომ აღნიშნული პარტიის აკრძალვის საფუძველი არ არსებობს.
„ჩვენ რა სტრატეგია გვექნება სასამართლო განხილვების კონკრეტულ ეტაპზე, ამას, რა თქმა უნდა, თქვენ ყველასთან ერთად გაიგებთ იმ დროს, როდესაც ეს ეტაპი მოახლოვდება. კითხვების ეტაპზე ჩვენი შეკითხვები იქნება აბსოლუტურად დასაბუთებული. ჩვენ გვაქვს უამრავი არგუმენტი, უამრავი ფაქტი, რომლის გახმაურებაც, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ არ სურდა, ამიტომაც ვერ მოხვდა ეს მათ სარჩელში იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე ჩამოიმსხვრეოდა ხუხულასავით ის ე.წ. ბრალდებები, რომლებიც ჩვენთან მიმართებაში აქვს „ქართულ ოცნებას“ წარმოდგენილი. შესაბამისად, ჩვენი შეკითხვები იქნება მხილების შეკითხვები, რომლითაც გამოვლინდება კიდევ ერთხელ, რომ არანაირი რეალური საფუძველი, არანაირი რეალური ფაქტები არ არსებობს „ძლიერი საქართველო - ლელოსთან“ მიმართებაში, რომ ის არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი, და ის სხვა მიზანს ემსახურება - მიზანს, რომ აიკრძალოს სრულიად ოპოზიცია ამ ქვეყანაში, მათ შორის „ძლიერი საქართველო - ლელო“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოთამაშე“, - აცხადებს გიორგი სიორიძე

























