სოფიო ხორგუანი - „ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ სუროგაცია “თავის ტკივილია” და გადაულოცეს ეკლესიას, თან კოჭი გაუგორეს და თან გადააბრალეს, ესენი ეკლესიის მტრებიც არიან - პრემიერი გეუბნება, საერთოდ, მეორე კაცი ვარო, ეს იმპიჩმენტის საფუძველია

სოფიო ხორგუანი - „ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ სუროგაცია “თავის ტკივილია” და გადაულოცეს ეკლესიას, თან კოჭი გაუგორეს და თან გადააბრალეს, ესენი ეკლესიის მტრებიც არიან - პრემიერი გეუბნება, საერთოდ, მეორე კაცი ვარო, ეს იმპიჩმენტის საფუძველია

სუროგაციის თემამ გამახსენა გელათის შემთხვევა - როდესაც გელათი ვერ გადახურეს, საპატრიარქოს გადაულოცეს თემა. ახლა გადაწყვიტეს, რომ ეს საშინელი “თავის ტკივილი”, ეს მძიმე თემა მოსაგვარებელი აქვთ, ვინაიდან, არ აქვთ არც სურვილი, არც შესაძლებლობა, ამ ტიპის საკითხები ისე მოაგვარონ, რომ ადამიანის უფლებები დაიცვან და გადაულოცეს ეკლესიას, თან ვითომ კოჭი გაუგორეს, რომ ეკლესიის თხოვნას ითვალისწინებენ , - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტიკურ სივრცეში” სუროგაციის აკრძალვის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ხორგუანის შეფასებით, “ქართულ ოცნებას” არ შეუძლია მართვა და მოუგვარებელ პრობლემებს ეკლესიას აბრალებს.

“ქართული ოცნება” არ არის ხელისუფლება, რომელსაც სახელმწიფოს მართვა შეუძლია და ამ სფეროში [სუროგაცია] არსებული ვაქხანალია, რა პირობებიც არის და რა კატასტროფულ შედეგამდეც მივიდა უკონტროლო და მიშვებული პროცესი, ეს არის ფაქტი და სახეზეა.

ამან გამახსენა გელათის შემთხვევა - როდესაც გელათი ვერ გადახურეს, საპატრიარქოს გადაულოცეს თემა. პრაქტიკულად, სახელმწიფო ვეღარ აკონტროლებს ვითარებას, რა ვითარებაც შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რაღაც ტიპის რეგულაციები, თუნდაც ტრეფიკინგთან დაკავშირებით, ახლა გადაწყვიტეს, რომ ეს საშინელი “თავის ტკივილი”, ეს მძიმე თემა მოსაგვარებელი აქვთ, ვინაიდან არ აქვთ არც სურვილი, არც შესაძლებლობა, ამ ტიპის საკითხები ისე მოაგვარონ, რომ ადამიანის უფლებები დაიცვან, გადაულოცეს ეკლესიას. თან ვითომ კოჭი გაუგორეს, რომ ეკლესიის თხოვნას ითვალისწინებენ. მანამდე არცერთი თხოვნა არ გაუთვალისწინებიათ არც ნარკოტიკებთან დაკავშირებით, არც კაზინოებთან დაკავშირებით და ახლა თურმე უცებ გაახსენდათ ეს თემა, ვითომ ის ადამიანები არიან, ვინც ეკლესიას ანგარიშს უწევენ. პირდაპირ ეკლესიას გადააბრალეს, რომ ვითომ ეკლესიამ სთხოვა და კრძალავენ - მოდით ავკრძალოთ, რადგან ვერ ვაგვარებთ და ვერ ვაკონტროლებთ ამ თემას და თან თუ ვინმე იქნება უკმაყოფილო, ის ჩვენით კი არა, ეკლესიით იყოს უკმაყოფილო.

ამიტომ ვამბობ, ისინი ეკლესიის მტრებიც არიან - მართვა რომ არ შეუძლიათ, ამათ მოუგვარებელ პრობლემებსაც იმ ინსტიტუტს აბრალებენ, რომელი ინსტიტუტიც პირდაპირ მართვაზე გადაწყვეტილებას ვერ იღებს და როდესაც ქრისტიანული სწავლებიდან შენიშვნას აძლევენ და ეუბნებიან, რომ ეს ჩვენთვის არის მიუღებელიო, თავდასხმები ვნახეთ მეუფეებზე. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ თვალთმაქცი, არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც სამართლიანი და სამართლებრივი მართვა არ შეუძლია”, - განაცხადა ხორგუანმა.

მან, ასევე, შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებები, რომლებმაც საზოგადოებას გიორგობის დღესასწაულზე, წირვის დროს ამბიონიდან მიმართეს.

ხორგუანის თქმით, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ერთობაზე საუბარი ზედმეტია, როდესაც ეპისკოპოსზე თავდასხმები ხორციელდება.

მისივე განცხადებით, ის შეფასებები, რომელიც რამდენიმე მეუფემ გააკეთა, “ქართული ოცნებისთვის” უმძიმესი დარტყმა იყო, რომელიც მას აქამდე არ მიუღია.

“შალვა პაპუაშვილის განცხადება ვნახე, ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებსო. ამას ლაპარაკობს ფარისეველი “ქართული ოცნება”, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი და გამამყარებელი იმ დაპირისპირებისა, რომელიც საზოგადოებაშია, იმ განხეთქილების, რაც საზოგადოებაშია. თითქოს ერთის მხრივ, საუბრობენ, რომ პოლარიზაციის დასრულება უნდათ, მაგრამ ფარისევლები არიან. იგივე, როდესაც ამბობ, რომ ეკლესიასთან ერთობა გჭირდება და ამ დროს ეპისკოპოსზე აწყობ თავდასხმებს, ეს ერთობისკენ გადადგმული როგორი ნაბიჯებია?

ავტოკრატიულ რეჟიმს არ სჭირდება არავინ სხვა, ვისაც ავტორიტეტი ექნება. როდესაც ეკლესიამ დაიწყო ხმამაღლა საუბარი იმ საკითხებზე, რომელიც მოქალაქეების უმრავლესობას აწუხებს - ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებზე, იმაზე, რომ იცლება სოფლები, რეგიონები, ხალხი ემიგრაციაში მიდის, სიღარიბეზე, სიდუხჭირეზე, იმაზე რომ დაიწყო საუბარი, რაც მოქალაქეებს აწუხებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს გული უბრუნდებათ ეკლესიისკენ, რადგან მათ ტკივილს აჟღერებს. ეს, რა თქმა უნდა, არაფრით არ სჭირდება არცერთ ავტოკრატს. არცერთ ავტოკრატს არ სჭირდება რომელიმე სხვა ინსტიტუტი, რომელსაც ავტორიტეტი ექნება.

ის შეფასებები, რაც გაკეთდა რამდენიმე მეუფის მხრიდან, ასეთი დარტყმა “ქართულ ოცნებას” ბოლო წლების განმავლობაში არ მიუღია, იმ “ქართულ ოცნებას”, რომელიც თავს ქრისტიანული ღირებულებების დამცველად წარმოაჩენდა”, - განაცხადა ხორგუანმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც კობახიძემ განაცხადა რომ ის ქვეყნის მეორე პირია, პირველი პირი კი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.

ხორგუანის თქმით, ამ განცხადების მიზეზი შეიძლება იყოს კობახიძის სურვილი, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს ამოეფაროს, რადგან, მისივე განცხადებით, თავად “ქართული ოცნების” მომხრეებში იზრდება ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება.

როგორც ხორგუანმა აღნიშნა, ეს განცხადება თავისუფლად შეიძლება იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

“ეს უკვე მეორე შემთხვევაა ირაკლი კობახიძისგან. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ვითომ გვახარა და გვითხრა, რომ პენსია არა 20 ლარით, არამედ 45 ლარით იზრდებოდა. იმ ბრიფინგზე ილაპარაკა, გადაწყვეტილებებს მე კი არ ვიღებ, ის [ბიძინა ივანიშვილი] იღებს გადაწყვეტილებებს და ეს გუნდი, მე არაფერ შუაში არ ვარო, ასე გამოვიდა. ანუ მას პრემიერის სკამი უნდა, თანამდებობა უნდა, პრივილეგიები უნდა, რომელიც პრემიერ-მინისტრს აქვს, ეს ყველაფერი უნდა, მაგრამ, პასუხისმგებლობის ტარება არ უნდა.

აქ შეიძლება ორი ახსნა გვქონდეს - თავი რომ დავანებოთ იმას, როდესაც პრემიერ-მინისტრი ამაზე ლაპარაკობს, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარეს არ ესმის, რომ ის არის რეალურად პირველი ადამიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ვინც ამ ქვეყანაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს, მერე გვყავს პრემიერი, რომელსაც ჰგონია, რომ ის არის ყველაფერი ამ შემთხვევაში და უნდა იყოს თავისი არსით რაღაც სისტემის მმართველი და გეუბნება, რომ მეც საერთოდ მეორე კაცი ვარო, პოლიტიკურად თუ შევაფასებთ ამას, ეს იმპიჩმენტის საფუძველია. პრემიერი მეუბნება, მე არ ვარ პირველიო, როგორ არის ეს წარმოდგენილი? მაშინ რას ნიშნავს, არაფორმალური მმართველობა არ გვაქვს? ფორმალური მმართველობა გაუქმებული გვაქვს, პირდაპირ ამბობს ამას და მერე როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებს რომელიმე ევროპული ორგანიზაცია, ჩაწერს, რომ ჩრდილოვანი მმართველობა პრობლემაა და არ არის სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ნიშანი, ესენი ამბობენ, რას გვასწავლიან ჭკუასო, ფაქტებზე გველაპარაკონო. ამაზე მეტი ფაქტი რა გინდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს ამას, მე მეორე კაცი ვარო და პირველი პაპუაშვილი კი არ არისო, პირველი ბიძინა ივანიშვილი არისო. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდზე ვსაუბრობთ, საერთოდ, რა კონსტიტუციური წყობა გვაქვს, რა წესრიგი გვაქვს.

ამის [ირაკლი კობახიძის განცხადების] ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებენ, უკმაყოფილება, რომელიც “ქართული ოცნების” მიმართ გროვდება, იზრდება და ფიქრობენ, რომ ამ უკმაყოფილების შესაჩერებლად ან ცოტა ჩასახშობად მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გამოყენება. მათივე მომხრეები არიან გაბრაზებულები იმ სიდუხჭირით, რაც მათ რეალურად სჭირთ. ახლა მას [ირაკლი კობახიძეს] სურს, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს ამოეფაროს. ზოგადად, ირაკლი კობახიძეს სჩვევია, რომ სულ ვიღაცას უნდა ამოეფაროს, ასევე კახი კალაძეს, რომელიც, კობახიძის კლანის წევრია. მათ ახასიათებთ პასუხისმგებლობების არიდება და ასხლეტა”, - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.