AVE.NEW-ს პირველი, A ბლოკის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „ანაგი“ განახორციელებს

AVE.NEW-ს პირველი, A ბლოკის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „ანაგი“ განახორციელებს

დეველოპერულ კომპანია Ave.New-სა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე მასშტაბური პროექტის — „ახალი გამზირი“ პირველი, A ბლოკის სამშენებლო სამუშაოებს 35-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „ანაგი“ წარმართავს.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს პროექტის სამშენებლო პროცესის მაღალი პროფესიული სტანდარტებით წარმართვას. „ანაგი“ საქართველოს სამშენებლო სექტორში ლიდერი კომპანიაა, რომელიც 1989 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და წლების განმავლობაში საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი და სამრეწველო დანიშნულების არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული.

„ახალი გამზირი“ თავისი მასშტაბითა და კონცეფციით კომპლექსური პროექტია, რომლის განვითარებაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და გამოცდილ სამშენებლო პარტნიორებთან თანამშრომლობას მოითხოვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტის არქიტექტურული ხედვა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურა სათანადო ხარისხით განხორციელდეს. „ანაგთან“ თანამშრომლობა სწორედ ამ მიზნის მიღწევაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გვჯერა, რომ ორი კომპანიის გამოცდილებისა და პროფესიული რესურსების გაერთიანება პროექტის წარმატებულ განვითარებას შეუწყობს ხელს” — აცხადებს AVE.NEW-ს დირექტორი თემურ გიგნაძე.

„ანაგი“ სამშენებლო სფეროში საქმიანობის სრულ ციკლს მოიცავს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამუშაოების ხარისხს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და სამშენებლო პროცესის ეფექტურ მართვას. კომპანიის გამოცდილება მოიცავს 400-ზე მეტ დასრულებულ პროექტს. „ანაგის“ ხარისხის მართვის, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სისტემები კი საერთაშორისო ISO სტანდარტებით არის სერტიფიცირებული.

„ჩვენთვის თითოეული პროექტი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და მაღალი სტანდარტების დაცვას მოითხოვს. Ave.New-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ჩვენი სამშენებლო გამოცდილება კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტში გამოვიყენოთ. მოხარულები ვართ, რომ Ave.New-მ გამოგვიცხადა ნდობა და ჩვენი კომპანია აირჩია „ახალი გამზირის“ მშენებლად, — აღნიშნავს სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი.

Ave.New — ახალი გამზირი აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე მასშტაბური, მრავალფუნქციური დეველოპერული პროექტია, რომლის განვითარებაც ოთხ ეტაპად განხორციელდება. პროექტი დაახლოებით 3 000 საცხოვრებელ ბინას, კომერციულ და საოფისე სივრცეებს, 25 000 მ² რეკრეაციულ ზონასა და მრავალფეროვან საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს.

პროექტის პირველი ეტაპი A ბლოკის განვითარებას მოიცავს, რომელიც ორ საცხოვრებელ კორპუსსა და კომერციულ სივრცეებს, მათ შორის აგროჰაბის ჰიპერმარკეტს აერთიანებს. კომპლექსის კონცეფცია ეფუძნება არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცეების შექმნას, არამედ სრულფასოვანი ურბანული გარემოს განვითარებას, სადაც ერთმანეთთან დაკავშირებულია ყოველდღიური საჭიროებები, დასვენება, მომსახურება და საზოგადოებრივი სივრცეები.

ახალი გამზირისა და ანაგის თანამშრომლობა პროექტის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპია და Ave.New-ს განვითარების გრძელვადიან ხედვას კიდევ უფრო მყარ საფუძველს უქმნის.

(R)