სანდრო ბარამიძე - ნიკა გვარამიას პარტიამ უნდა დასვას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი! - რევაზ ნადარაიას მხრიდან ადგილი ჰქონდა სულ მცირე სამ პრობლემურ გარემოებას

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე წერს.
ბარამიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას ქცევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სასამართლოს თავმჯდომარის ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის, ისე სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვასთან დაკავშირებით.
“კერძოდ, ადგილი ჰქონდა სულ მცირე სამ პრობლემურ გარემოებას:
პირველი: თავმჯდომარემ საერთოდ გამოტოვა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, რომელზეც უნდა გარკვეულიყო, თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული სარჩელზე დართული ერთადერთი „მტკიცებულება“ - პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რამდენად რელევანტურია ამ ე.წ. მტკიცებულების დიდი ნაწილი განსახილველ დავასთან დაკავშირებით.
მეორე: თავმჯდომარემ არაერთხელ შეზღუდა მოპასუხე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები მოსარჩელის წარმომადგენლებისათვის. ამით, ჩემი შეფასებით, დაირღვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები და ამასთან, საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი პროცესუალური წესები.
მესამე: თავმჯდომარე სხდომის მიმდინარეობისას იყენებდა მოსამართლისთვის შეუფერებელ და არაპროფესიულ გამონათქვამებს, მათ შორის: “თქვენ ცრუობთ“, “უზრდელი ხართ“ და სხვა. ასეთი დამოკიდებულების ფონზე, მან ჯერ მოახდინა ნიკა გვარამიას პროვოცირება საპასუხო არანორმატიულ გამონათქვამებზე და საბოლოოდ, იგი სხდომიდან გააძევა, ისევ არასაპროცესო და შეუფერებელი ლექსიკის გამოყენებით: „გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი“.
ნებისმიერ ცივილიზებულ სასამართლოში მოსამართლის ფუნქციაა არა მხარეთა მიმართ საკუთარი გაღიზიანების გამოხატვა, არამედ პროცესის მიუკერძოებლად, ღირსეულად და კანონით დადგენილი წესების დაცვით წარმართვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებს.
მიმაჩნია, რომ ამ გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს რევაზ ნადარაიას, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის ინიცირება შეუძლია მის უხუცეს მოადგილეს. ამჟამად ეს არის სერგო მეთოფიშვილი.
ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ ნიკა გვარამიას პარტიამ მიმართოს განცხადებით სერგო მეთოფიშვილს და მოითხოვოს რევაზ ნადარაიას მიერ მოსამართლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის საკითხის შესწავლა და კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაწყება.
არ მაქვს ილუზია, რომ ამ მიმართვას მოჰყვება სათანადო რეაგირება. დარწმუნებული ვარ, რომ მეთოფიშვილი საკითხს მსვლელობას არც კი მისცემს ან თუ მისცემს, საკითხი არ დასრულდება ბატონი ნადარაიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტით, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ შესაძლო დარღვევებზე რეაგირებისათვის კანონით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი გამოყენებული იყოს.
ასეთი მიმართვა და მასზე მიღებული გადაწყვეტილება ან გადაწყვეტილების მიუღებლობა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შემდგომი საჩივრის მომზადებისას, მათ შორის, იმის საჩვენებლად, თუ რა საშუალებები იქნა გამოყენებული სასამართლო პროცესის სამართლიანობისა და მხარეთა საპროცესო უფლებების დასაცავად“, - აცხადებს სანდრო ბარამიძე.

























