ირაკლი მელაშვილი - ის, რომ ივანიშვილი პირველი კაცია, ისედაც ყველამ იცის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად მეორე კაცია ირაკლი კობახიძე, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ისაა ერთადერთი, გამაერთიანებლად ვეღარ გამოდგება

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პირველი კაცი, ამას ხაზგასმა არ სჭირდება, ისედაც ყველამ იცის. რამდენად მეორე კაცია პარტიაში ირაკლი კობახიძე, ეს დგას ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ - ივანიშვილის სისტემა ასეთია, რომ ის არის პირველი, მაგრამ მეორე შეიძლება დღეს ერთი იყოს, ხვალ კი სხვა, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ირაკლი მელაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში არავინ იცის, ვინ არის „ქართულ ოცნებაში“ მეორე კაცი.
„ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პირველი კაცი, ამას ხაზგასმა არ სჭირდება, ისედაც ყველამ იცის. რამდენად მეორე კაცი არის ამ პარტიაში ირაკლი კობახიძე, ეს დგას ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ. სინამდვილეში არც ღარიბაშვილი ყოფილა პირველი კაცი, არც გახარია და არც კვირიკაშვილი. არავინ იცის, ვინ არის მეორე კაცი. ივანიშვილის სისტემა ზუსტად ასეთია, რომ ის არის პირველი, მეორე შეიძლება დღეს ერთი იყოს, ხვალ კი სხვა. მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის ქვეყნის ხელმძღვანელი, თავად აცხადებს, რომ ის არ არის გადაწყვეტილების მიმღები. პირველი კაცი არის სხვა. ახლა ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ პირველი კაცის მერე თვითონ არის.
იმპიჩმენტის საფუძველი რამდენად იქნება ეს განცხადება, არ ვიცი. ჩემი აზრით, ერთ კაცზე არ უნდა გადატყდეს ეს ჯოხი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს მმართველ პარტიას, მის ლიდერებს 2012 წლიდან მოყოლებული. „ქართული ოცნების“ მაშინდელმა, შუალედურმა და ახლანდელმა შემადგენლობამ დაუჭირა ამ სისტემის შექმნას მხარი.
ფაქტი ერთია - კაცი, რომელიც კონსტიტუციურად არის ქვეყნის მმართველი და პირველი პირი, ამბობს, რომ ის არ არის პირველი პირი და გადაწყვეტილების მიმღები. [რაც შეეხება იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის პირველობაზე კობახიძემ განცხადება მამუკა მდინარაძის შესახებ შეკითხვაზე პასუხისას გააკეთა], ამით ის მდინარაძეს ეუბნება რამეს, თავის ცოლს, მამამისს თუ კიდევ ვისმეს, ვერ გეტყვით. კობახიძის უხერხულობის გრძნობა [იმის გამო, რაც მდინარაძის გარშემო განვითარდა], ცოტა ძნელი განსასაზღვრია. ჩემი აზრით, ის ბევრ რამეზე უნდა გრძნობდეს უხერხულობას, დაწყებული გუშინდელი განცხადებით ან, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე და სხვა უამრავ რაღაცაზე. ის არის ინიციატორი „რუსული კანონის“ მიღების და არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადების. ის არის მთავარი ამბების მიმტანი ივანიშვილისთვის, შიკრიკია. მთელი ცხოვრება შიკრიკი იყო. ეს უფრო იყო ამ განცხადებაში, ვიდრე ის, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა გადააბრალოს. მთავარი ჩამშვებია ბიძინასთან, მარტივად რომ ვთქვათ, თვითონ წერს ამას, მე არ ვწერ“,- აღნიშნა მელაშვილმა.
გარდა ამისა, ირაკლი მელაშვილმა ისაუბრა მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კობახიძეს არ მიუღია და მხოლოდ პოსტფაქტუმ გაფორმდა მის გადაწყვეტილებად.
„დეკვალიფიკაცია ჭირს კობახიძეს, სექტემბერში საფრთხის დონე იყო მაღალი და ნოემბერში შემცირდა მდინარაძესთან დაკავშირებით? აბსურდია ეს ყველაფერი. საერთოდ არავინ შეეკითხა დაცვის მოხსნას, მამუკა მდინარაძეს დაცვა მოუხსნა დაცვის სამსახურის უფროსმა, შემდეგ პოსტფაქტუმ გააფორმეს ეს კობახიძის გადაწყვეტილებად, საკუთარ მეგობარზე მოახსნევინეს დაცვა. რაღაც უნდა ეთქვა და ეს გენიოსობა მოაფიქრდა, რომ თითქოს საფრთხის დონე შემცირდა. ზუსტად ამას ვუკავშირებ მე მის განცხადებას, ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ მეორე კაცი თვითონაა. მდინარაძის ბედი უამრავ სუბიექტურ ფაქტორზე და ბიძინა ივანიშვილზე არის დამოკიდებული, მათ შორის იმ ხალხზე, ვისაც ენები მიაქვს ბიძინა ივანიშვილთან. კობახიძე, ალბათ, დაიცავს მდინარაძეს. მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ მისი დაცვა თვითონ არ შეუქმნის პრობლემებს. თანამდებობაზე ზევით კობახიძისთვის არაფერი არ დგას“, - განაცხადა მელაშვილმა.
რაც შეეხება ხელისუფლების ეკლესიასთან ურთიერთობას, ასევე იმას, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში, რა როლი შეიძლება შეასრულოს საპატრიარქომ და უშუალოდ პატრიარქმა შიომ, როგორც მელაშვილმა აღნიშნა, არ მიესალმება არც ერთი ფორმით ეკლესიის ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში.
„ზოგადად, იმ ადამიანების მიკვირს, რომლებიც არიან სეკულარიზმის მომხრე და ახლა იმის იმედი აქვთ, რომ ეკლესიის მეშვეობით შეასუსტებენ ხელისუფლებას. პოლიტიკოსებმა უნდა მიხედონ თავიანთ თავს, თვითონ უნდა დაიმსახურონ ცვლილებები. ყოველთვის ვიყავი მოწინააღმდეგე იმისა, რომ ეკლესია პოლიტიკაში ჩაერიოს. არ არის ეკლესიის საქმე პოლიტიკურ დიალოგში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მონაწილეობა. თავის დროზე პატრიარქი ილია მეორე ეცადა პოლიტიკური დიალოგის წარმოებას გამსახურდიასა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის, არაფერი არ გამოვიდა“, - განაცხადა მელაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შეეხებოდა იმის თაობაზე, რომ „გაერთიანების სათავეში ყოფნისთვის“ არა თუ მზად არის, არამედ ის არის „იდეალური ყველასთვის“, ანალიტიკოსის თქმით, „ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ის არის ერთადერთი, გამაერთიანებლად ვეღარ გამოდგება“.
„ჩემი გამოცდილებით, ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ის არის ერთადერთი, გამაერთიანებლად ვეღარ გამოდგება. ასე არ ხდება გაერთიანება. საკუთარი თავის ერთადერთობის მტკიცებამ და პოლიტიკურმა ნარცისიზმმა ეს ქვეყანა დაღუპა და ღუპავს 35 წელია. ვისაც შეხედავ, ყველა ერთადერთია. აბა, ერთი სხვებს ჰკითხეთ, ზურაბიშვილი როგორი „ერთადერთია“. მე ძალიან მიკვირს ქალბატონი სალომესგან, იმიტომ, რომ ევროპული გამოცდილება აქვს და კარგად უნდა ხვდებოდეს, რომ ასეთი განცხადებებით არ მიიღწევა ერთობა. ახლა დიალოგის შანსს ნაკლებად ვხედავ, რადგან დიალოგი არ უნდა არცერთ მხარეს, არ უნდა ხელისუფლებას და ის ხელს უწყობს რადიკალიზაციას. დიალოგის ეშინია სწორედ, რადგან დიალოგი ყოველთვის კომპრომისებია“, - განმარტა მელაშვილმა.
გარდა ამისა, ირაკლი მელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა და ამ პროცესს სამართლის პროფანაცია უწოდა, ხოლო გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ექსპერტის შეფასებით, “მოსამართლე ნადარაიამ ქუჩური გარჩევის მეთოდებით მოპასუხე მხარე ლანძღა“.
„ახლა რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის პროფანაცია სამართლის. არ არსებობს სისხლის სამართლის გადაწყვეტილება, რითაც იხელმძღვანელებს ქართული სასამართლო. გუშინ მოსამართლე ნადარაიამ ლანძღა მხარის წარმომადგენელი. გვარამიამ უთხრა, თუ მიგაჩნია, რომ არასწორად ვლაპარაკობ, შენ გაქვს პროცესუალური ხერხები, რომ გამაჩეროო, მაგრამ ლანძღა ნადარაიამ, რაღაც ძველბიჭობა დაიწყო - „შენი აზრები შენთვის შეინახე“, ბირჟაზე დგას და „რაზბორკებს“ ატარებს?“- აღნიშნა მელაშვილმა.

























