მთავრობამ პარლამენტში განსახილველად „ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმება წარადგინა

მთავრობამ პარლამენტში განსახილველად “ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმება წარადგინა.
“ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ“ შეთანხმებას ხელი 2026 წლის 16 ივლისს, ქალაქ შანხაიში მოეწერა. დოკუმენტს ხელი მოაწერა 29 სახელმწიფომ - მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, რუსეთის ფედერაციამ, ყაზახეთის რესპუბლიკამ, ლაოსის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, პაკისტანის ისლამურმა რესპუბლიკამ, ინდონეზიის რესპუბლიკამ, ბელარუსის რესპუბლიკამ, სერბეთის რესპუბლიკამ, კუბის რესპუბლიკამ, ბრაზილიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, ვენესუელის ბოლივარულმა რესპუბლიკამ და სხვა.
აღნიშნული შეთანხმებით ფუძნდება ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობის მსოფლიო ორგანიზაცია - WAICO. ორგანიზაციის შტაბ-ბინა განთავსდება ქალაქ შანხაიში.
“WAICO-ის მიზნებში შედის ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის დაცვა და ხელოვნური ინტელექტის ინოვაციის, განვითარების, დანერგვისა და გამოყენების ხელშეწყობა საკეთილდღეოდ და ყველასათვის; AI-ის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება და ერთობლივად ღია, სამართლიანი, თანასწორი და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისათვის, AI-ის სარგებლის სრულად რეალიზებით; AI-სთან დაკავშირებული განსხვავების შემცირება და AI-ის ტექნოლოგიებსა და მომსახურებაზე უფრო ფართო ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; AI-ის განვითარებით წარმოშობილი რისკების, გამოწვევებისა და ზემოქმედების ერთობლივად შემცირება და მათზე რეაგირება, ასევე უსაფრთხო, დაცული, ეთიკური და სანდო AI-ის ხელშეწყობა.
WAICO-ის ფუნქციებია წევრ სახელმწიფოებს შორის მიწოდება-მოთხოვნის შესაბამისობის პლატფორმის შექმნა; AI-ის შესაძლებლობების განვითარების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება; AI-ის განვითარების სტრატეგიების, მმართველობის წესებისა და ტექნიკური სტანდარტების ურთიერთ შესაბამისობისა და კოორდინაციის გაძლიერება, დიალოგის ხელშეწყობა, პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, ურთიერთთავსებადობის ხელშეწყობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება; AI-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და ღია კოდის ეკოსისტემის განვითარებისათვის ერთობლივი ძალისხმევის წახალისება; AI-ის გლობალური მმართველობის გაძლიერება, გაეროს ფარგლებში პროცესის მხარდაჭერა და მასთან დაახლოების ხელშეწყობა; სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის შენარჩუნება, თანამშრომლობის შესაბამისი ფორმების შესწავლა.
ამასთან, ორგანიზაციის ფუნქციები მხოლოდ AI-ის სამოქალაქო სფეროთი შემოიფარგლება. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ უნდა დაიცვას გაეროს ქარტიის მიზნები და პრინციპები, პატივი სცეს სახელმწიფოთა სუვერენიტეტსა და ცივილიზაციების მრავალფეროვნებას, დაიცვას თანასწორობის პრინციპი, ხელი შეუწყოს მრავალმხრივობას და გამოიყენოს AI-ის სარგებელი ფართო კონსულტაციებისა და ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე“, - განმარტავს საქართველოს მთავრობა.
შეთანხმება განსახილველად პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს გადაეცა.

























