თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის ახალი დეკორაციების შესყიდვის მიზნით 343 026 ლარის შესყიდვა გამოცხადდა

საახალწლოდ თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის მორთვისთვის საჭირო ახალი ფიგურებისა და ნაძვის ხის ძირის კონსტრუქციის შესყიდვას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გამარტივებული წესით გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას bpn.ge სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დაყრდნობით წერს.
გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 343 026 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული ფასების ცხრილის მიხედვით, სულ 5 დასახელების დეკორაციისა და კონსტრუქციის შეძენაა დაგეგმილი.
კერძოდ: 46 ცალი მანათობელი სათამაშო - ერთეულის ფასი 3 100 ლარი (ჯამში 142 600 ლარი); 12 ცალი ნაძვის ხის ძირის ფიგურა - ერთეულის ფასი 5 700 ლარი (ჯამში 68 400 ლარი); 1 ცალი ნაძვის ხის ძირის ოქროსფერი პოდიუმი - 23 000 ლარი; 25 ცალი მანათობელი ვარსკვლავი - ერთეულის ფასი 1 260 ლარი (ჯამში 31 500 ლარი); 60 ცალი მანათობელი ფიფქი - ერთეულის ფასი 420 ლარი (ჯამში 25 200 ლარი).
bpn.ge-ის თანახმად, ჩამოთვლილი ხუთი პოზიციის ჯამური ღირებულება ცხრილში 290 700 ლარს შეადგენს, რასაც დღგ-ს გადასახადი ემატება და საბოლოო ღირებულება 343 026 ლარს უტოლდება.
როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია განმარტავს, თბილისის მერიის დავალებით, ნაძვის ხის მორთვა მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, 2027 წლის შობა-ახალი წლის ღონისძიებების დაგეგმვა ინტელექტუალურ მომსახურებასთან, ვიზუალური დეტალების დამუშავებასა და ლოკაციის თავისებურებების გათვალისწინებასთან იყო დაკავშირებული, რამაც დროში შეზღუდვა გამოიწვია და შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა ვერ მოხერხდა.
შესაბამისად, კომპანიის განმარტებით, სტანდარტული ელექტრონული ტენდერის ჩატარება სამუშაოების 15 დეკემბრამდე დასრულებას შეაფერხებდა.
სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა კომპანიამ დეკორაციების დამზადება და მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარულ დღეში უნდა უზრუნველყოს.

























