ნინო სულაძე - რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღე, რადგან წარმოდგენილი ბიუჯეტი არ ასახავს ქალაქის მოსახლეობის რეალურ საჭიროებებსა და სოციალურ პრიორიტეტებს

2027 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში, როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, კენჭისყრაში
მონაწილეობა არ მივიღე, რადგან წარმოდგენილი ბიუჯეტი არ ასახავს ქალაქის მოსახლეობის რეალურ საჭიროებებსა და სოციალურ პრიორიტეტებს. ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი ნინო სულაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
როგორც სულაძე წერს, მისი წარმომადგენლობა საკრებულოში უკვე მეორე წელია, საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამას ითხოვს, თუმცა, მისივე განმარტებით, რუსთავის მერმა ეს საკითხი „პარტიულ პოლიტიკამდე დაიყვანა“.
„ძლიერი საქართველო - ლელო“ უკვე მეორე წელია ვითხოვთ, რომ რუსთავის მუნიციპალურ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს საჯარო სკოლების I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამა.
ბავშვის სრულფასოვანი კვება მისი ჯანმრთელობის, განვითარებისა და განათლების თანაბარი შესაძლებლობების აუცილებელი პირობაა. ამასთან, ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ფინანსურ სირთულეებთან გამკლავება.
სამწუხაროდ, საკრებულოს სხდომაზე რუსთავის მერმა ამ პროგრამის ბიუჯეტში გათვალისწინების მოთხოვნას პოლიტიკური ნიშნით ქულების ჩაწერა უწოდა. მიმაჩნია, რომ ბავშვების კვების საკითხის პარტიულ პოლიტიკამდე დაყვანა დაუშვებელია.
უკვე მეორე წელია ამ ინიციატივას ვაყენებთ, თუმცა 2027 წლის ბიუჯეტშიც არ არის გათვალისწინებული.
მუნიციპალური ბიუჯეტი მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი არ უნდა იყოს, ის პირველ რიგში ადამიანების, ოჯახებისა და ბავშვების საჭიროებებს უნდა პასუხობდეს“, - წერს სულაძე.

























