AP პროგრამა სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის დონის ცოდნის მიღებას სთავაზობს

AP პროგრამა სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის დონის ცოდნის მიღებას სთავაზობს

სასკოლო პერიოდში საუნივერსიტეტო საგნების შესწავლა, ცოდნის საერთაშორისო სტანდარტით შეფასება და მიღებული შედეგების მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში წარდგენა - ეს იმ შესაძლებლობების ნაწილია, რომლებსაც მოსწავლეებს Advanced Placement (AP) პროგრამა სთავაზობს. აშშ-ის College Board-ის მიერ შემუშავებული პროგრამა უფროსკლასელებს საშუალებას აძლევს, ჯერ კიდევ სკოლაში განივითარონ კრიტიკული აზროვნება, კვლევითი უნარები და დამოუკიდებელი სწავლის ჩვევები, ცოდნა კი სტანდარტიზებული საერთაშორისო გამოცდით დაადასტურონ.

AP 40-ზე მეტ საგანს აერთიანებს და მოიცავს როგორც ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს, ისე ზუსტ და საბუნებისმეტყველო დისციპლინებს. მისი მთავარი მიზანი მოსწავლეების უმაღლესი განათლებისთვის მომზადებაა.

AP კურსების აკადემიური დონე და სპეციფიკა

AP საგნები უნივერსიტეტის პირველი კურსის დონისაა და მასალის სიღრმითა და სირთულით სკოლის სტანდარტულ კურსებს აღემატება. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეს მოეთხოვება ანალიზი, არგუმენტირება, წყაროებთან და მონაცემებთან მუშაობა, პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთება.

კურსების არჩევანი დამოკიდებულია მოსწავლეთა ინტერესებსა და აკადემიურ მზაობაზე. ამასთან, თითოეული კურსი College Board-ის მიერ უნდა იყოს ავტორიზებული და მისი სილაბუსი პროგრამის სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

AP გამოცდებზე რეგისტრაცია და შეფასების სისტემა

AP გამოცდებზე რეგისტრაცია სექტემბერში იწყება და ნოემბრის შუა რიცხვებში სრულდება. საგნების არჩევანი მოსწავლეთა ინტერესების კვლევისა და აკადემიური მიმართულებების გათვალისწინებით იგეგმება. კურსზე ჩაწერა მხოლოდ მოსწავლის სურვილით არ ხდება. მნიშვნელოვანია მისი აკადემიური მზაობა და ინგლისური ენის ცოდნა, ასევე მასწავლებლის რეკომენდაცია. AP საგნებზე დასწრების შესაძლებლობა მოსწავლეებს მე-9 კლასიდან აქვთ.

გამოცდები College Board-ის ერთიანი საერთაშორისო განრიგით, მაისის პირველ ორ კვირაში ტარდება. ფორმატი საგნების მიხედვით განსხვავებულია: ზოგი გამოცდა ციფრულია, ზოგი - ჰიბრიდული. გამოცდის დასრულების შემდეგ ნამუშევრები College Board-ს ეგზავნება. შედეგები ივლისის დასაწყისში ქვეყნდება და შეფასება 1-დან 5 ქულამდეა.

AP შედეგების მნიშვნელობა უნივერსიტეტებში ჩაბარებისას

პროგრამა მოსწავლის აკადემიური მზაობის დამოუკიდებელ დადასტურებას წარმოადგენს, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში სასკოლო შეფასების სისტემები განსხვავდება, AP კი ერთიანი საერთაშორისო საზომია. მაღალი ქულა ადასტურებს, რომ მოსწავლემ უნივერსიტეტის დონის მასალა წარმატებით აითვისა. ამასთან, AP კურსების არჩევა აჩვენებს, რომ ის უფრო რთული აკადემიური გამოწვევებისთვის არის მზად.

თუმცა AP შედეგი უნივერსიტეტში ჩარიცხვის გარანტია არ არის. ის განაცხადის ერთ-ერთი კომპონენტია და სხვა მონაცემებთან ერთად ფასდება. ამ პროცესში ყურადღება ექცევა: აკადემიურ მოსწრებას, SAT-ისა და ACT-ის შედეგებს ინგლისური ენის ცოდნის დონეს, გამოცდასა და რეკომენდაციებს.

AP გამოცდების შედეგებს აშშ-ის გარდა დიდი ბრიტანეთის, კანადის, ევროპისა და აზიის უნივერსიტეტიც განიხილავს, თუმცა მოთხოვნები უნივერსიტეტების მიხედვით განსხვავდება.

საუნივერსიტეტო კრედიტები და AP გამოცდების პრაქტიკული სარგებელი

ზოგიერთი უნივერსიტეტი AP გამოცდებში მიღებული შედეგების საფუძველზე სტუდენტს საუნივერსიტეტო კრედიტებს ანიჭებს. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული საბაზისო საგანი შესაძლოა უკვე გავლილად ჩაეთვალოს. თუმცა ყველა უნივერსიტეტს საკუთარი პოლიტიკა აქვს. ასევე, კრედიტების აღიარება შეიძლება კონკრეტულ საგნებსა და სპეციალობებზე იყოს დამოკიდებული.

თუ უნივერსიტეტი AP გამოცდების შედეგს აღიარებს, ეს სტუდენტისთვის დროისა და, გარკვეულ შემთხვევებში, ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობაა. თუმცა გამოტოვებული საგანი ავტომატურად სწავლის საფასურის შემცირებას არ ნიშნავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოსწავლემ წინასწარ შეისწავლოს სასურველი უნივერსიტეტის AP კრედიტების პოლიტიკა და საჭიროების შემთხვევაში მის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდეს.

AP პროგრამის მნიშვნელობა ქართველი მოსწავლეებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის წესი ჯერჯერობით AP კრედიტების აღიარებას არ ითვალისწინებს, საქართველოში პროგრამის არსებობას მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს ახალგაზრდების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობისთვის. ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, სკოლის დასრულებამდე მიიღონ საერთაშორისო სტანდარტის აკადემიური გამოცდილება, განივითარონ ანალიტიკური აზროვნება, აკადემიური წერა და დამოუკიდებელი კვლევის უნარები და ცოდნა საერთაშორისოდ აღიარებული შედეგით დაადასტურონ.

AP-ის ღირებულება მხოლოდ საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივით არ შემოიფარგლება. თუ მოსწავლე საქართველოში დარჩენას გადაწყვეტს, პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა, უნარები და ინგლისური ენის აკადემიური დონე მის შემდგომ განათლებაშიც მნიშვნელოვანი რესურსი იქნება.

AP Exam Center საქართველოში - საერთაშორისო გამოცდების ხელმისაწვდომობა

საქართველოში წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას 2024 წლიდან აქვს College Board-ის ოფიციალური უფლება, AP გამოცდები უშუალოდ სკოლის ბაზაზე ჩაატაროს. AP Exam Center-ის სტატუსი ნიშნავს, რომ სკოლა College Board-ის მიერ აღიარებულია საგამოცდო ცენტრად და ვალდებულია, დაიცვას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადმინისტრირების წესები. ეს მოიცავს გამოცდების ორგანიზებას, შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფას, დამკვირვებლების მომზადებასა და საგამოცდო მასალების უსაფრთხო დამუშავებას.

საკუთარი მოსწავლეებისთვის ეს ნიშნავს, რომ გამოცდების ჩაბარება შეუძლიათ მათთვის ნაცნობ, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გამგზავრების გარეშე.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ცენტრი მხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის არ არის განკუთვნილი. მას შესაძლებლობა აქვს, გამოცდაზე სხვა სკოლების მოსწავლეებიც მიიღოს და მათთვის გამოცდების ადმინისტრირება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უზრუნველყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთა სკოლებშიც AP კურსები არ ისწავლება, თუმცა მათ სურთ, დამოუკიდებლად მოემზადონ და საერთაშორისო დონის შეფასება მიიღონ.

(R)