შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც მწყემსად მუშაობისას, 2023-2025 წლებში ორი მოქალაქის კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მიითვისა, ასევე კიდევ ერთი მოქალაქის კუთვნილი 29 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი თანხის გადახდის დაპირებით წამოიყვანა, თუმცა არ გადაიხადა

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით, ერთი პირი რუსთავში დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ორი მოქალაქის კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა კი ჯამში 181 400 ლარი შეადგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ბრალდებით, ერთი პირი რუსთავში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მწყემსად მუშაობდა, 2023–2025 წლებში გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ორი მოქალაქის კუთვნილი 368 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
ბრალდებულმა ასევე კიდევ ერთი მოქალაქის კუთვნილი 29 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი თანხის გადახდის დაპირებით წამოიყვანა, თუმცა დაპირებული თანხა არ გადაიხადა.
ბრალდებულის ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 181 400 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























