ლაშა ფარულავა - მუნიციპალიტეტისგან მოვითხოვთ სამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას: პურის დისტრიბუციისთვის სპეციალური თავისუფალი რეჟიმისა შემოღებას, მაღაზიებთან დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილების მოწყობას და დისტრიბუტორებისთვის უსამართლო ჯარიმების შეჩერებას

ირაკლი კობახიძე და ოცნების პარლამენტი ფასების შემცირებას გვპირდებოდნენ, მაგრამ ფასები კი არ შემცირდა, კატასტროფულად გაიზარდა. ახლა პურის გაძვირების საფრთხეც დადგა, მათ შორის სოციალური პურის, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, თბილისში დისტრიბუტორებს გადაადგილებას უზღუდავენ და აჯარიმებენ, მაშინ როცა მაღაზიებთან პროდუქციის ჩამოსატვირთი ადგილებიც კი არ არსებობს.
„ბიძინა ივანიშვილის ანტიქართული ხელისუფლების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების სოციალური ტერორი გრძელდება. ირაკლი კობახიძე და „ოცნების“ პარლამენტი ფასების შემცირებას გვპირდებოდნენ, მაგრამ ფასები კი არ შემცირდა, კატასტროფულად გაიზარდა.
ახლა პურის გაძვირების საფრთხეც დადგა, მათ შორის სოციალური პურის, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსახლეობისთვის. ამჯერად პურის გაძვირებას, კომუნალური ტარიფების ზრდასთან ერთად, კახი კალაძის სატრანსპორტო კოლაფსი და საცობებიც უწყობს ხელს.
თბილისში დისტრიბუტორებს გადაადგილებას უზღუდავენ და აჯარიმებენ, მაშინ როცა მაღაზიებთან პროდუქციის ჩამოსატვირთი ადგილებიც კი არ არსებობს. კალაძემ სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად თბილისს მილიარდ ლარიანი ვალი აკიდა, მაგრამ საცობები არ შემცირებულა, სატრანსპორტო კოლაფსი კი ყოველდღიურობად იქცა.
ახლა ამ არასწორი და კორუფციული პოლიტიკის საფასურის გადახდა საბოლოოდ ისევ მოქალაქეებს უწევთ.
ჩვენ მოვითხოვთ მუნიციპალიტეტისგან სამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას: პურის დისტრიბუციისთვის სპეციალური თავისუფალი რეჟიმისა და ნებართვების შემოღებას, მაღაზიებთან დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილების მოწყობას და დისტრიბუტორებისთვის უსამართლო ჯარიმების შეჩერებას. ანტიქართული „ოცნების“ სოციალური ტერორი ერთად უნდა შევაჩეროთ!
ამისთვის 28 ნოემბერს თბილისელებს და არამხოლოდ თბილისელებს გელოდებით აქციაზე!“- აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

























