EBRD და პროკრედიტ ბანკი, 25 მილიონ ევრომდე საკრედიტო რესურსით, ქართული ბიზნესის მხარდაჭერას აძლიერებენ

EBRD და პროკრედიტ ბანკი, 25 მილიონ ევრომდე საკრედიტო რესურსით, ქართული ბიზნესის მხარდაჭერას აძლიერებენ

ქართული ბიზნესისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობები იქმნება. პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და პროკრედიტ ბანკ საქართველოს შორის 25 მილიონ ევრომდე დაფინანსების შესახებ საკრედიტო შეთანხმებას მოეწერა ხელი. პარტნიორობის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მწვანე ინვესტიციების წახალისება. გამოყოფილი რესურსის სულ მცირე 20% სწორედ ამ მიზანს მოხმარდება. ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესებს ენერგიის მოხმარებისა და საოპერაციო ხარჯების შემცირებაში დაეხმარება და მათ გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს.

ახალი დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ეროვნულ ვალუტაში გრძელვადიანი სესხებით სარგებლობის შესაძლებლობაა. ეს ბიზნესებს სავალუტო რყევებთან დაკავშირებული რისკების შემცირებაში, ფინანსური ვალდებულებების უკეთ დაგეგმვასა და ახალი ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება.ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებში მოქმედ კომპანიებს და ახალი ფინანსური რესურსი პროკრედიტ ბანკს საშუალებას მისცემს, გააფართოოს დაფინანსების მასშტაბი.

ქართული ბიზნესის მხარდაჭერა EBRD-ისა და პროკრედიტ ბანკის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია. წლების განმავლობაში ამ თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მიზნობრივი დაფინანსების პროგრამა განხორციელდა მცირე და მიკრო ბიზნესის, რეგიონების ეკონომიკური განვითარების, ქალი და ახალგაზრდა მეწარმეების მხარდასაჭერად.

ახალი ფინანსური რესურსი კიდევ უფრო გააძლიერებს ამ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, კერძო სექტორის მხარდაჭერას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას.

(R)