ირაკლი კობახიძე - შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც და ეს არავითარ რისკს არ ქმნის - მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ქართულ და რუსულ მხარეებს შორის მორიგი შეხვედრები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაიმართოს.
მისი მტკიცებით, „მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი“.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის და ეს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან არაფერ კავშირშია.
ამასთან, პრემიერი ამბობს, რომ „არც დროშების განთავსება და არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ ეწინააღმდეგება არაღიარების პრინციპს“.
„ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში.
აქ მთავარია პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.
ფორმატი არ შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად იგივე აღიარების კუთხით, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის.
მთავარი არის, რომ არც ერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს,“ - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა: "მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა".

























