ირაკლი კობახიძე - კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკო-ს მუშაობის ქვაკუთხედია, არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია, ამიტომ გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია

ირაკლი კობახიძე - კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკო-ს მუშაობის ქვაკუთხედია, არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია, ამიტომ გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია

მოხარული ვარ, რომ პირველად აღვნიშნავთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს, რომელიც 22 ნოემბერს დაწესდა - კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკო-ს მუშაობის ქვაკუთხედია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია, ამიტომ გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია.

„ეს თარიღი არ არის შემთხვევითი, ადგილიც სიმბოლურია. 1918 წლის 22 ნოემბერს სწორედ ამ შენობაში დაამტკიცა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა და აირჩია ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის პირველი შემადგენლობა. ეს იმ დროისთვის მსოფლიო მასშტაბით პროგრესული აქტი იყო. 108 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი და ფარული კენჭისყრა დაადგინეს, ქალებსა და კაცებს კი თანაბარი ხმის უფლება მიანიჭეს. სწორედ ამ დოკუმენტს ეყრდნობა საქართველოს დღევანდელი დემოკრატიული საარჩევნო სისტემა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიხვეწა არჩევნების ორგანიზების წესები და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები. ფორმები შეიცვალა, პრინციპები უცვლელი დარჩა. კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკო-ს მუშაობის ქვაკუთხედია. არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია, ამიტომ გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია. ეს საქმე კომისიის თითოეულ თანამშრომელზე, თქვენს პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერ შრომაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ცესკო.

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ისტორია 90-იანი წლების დასაწყისიდან არ იყო მარტივი. ყველას გვახსოვს 90-იანი წლები და მასთან დაკავშირებული სირთულეები, ყველას გვახსოვს 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის პროცესი, როდესაც ქვემო ქართლისა და აჭარის საარჩევნო ადმინისტრაციები ხელოვნურად აჭიანურებდნენ შედეგების გადაგზავნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პოზიცია და ოპოზიცია ერთდროულად ცდილობდა გაყალბებული საარჩევნო შედეგების გადაგზავნის გაჭიანურებას და შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდა პოლიტიკური მოლაპარაკებებით. ასევე ყველას გვახსოვს 2008 წელს ტოტალურად გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ მე პირადად ვესწრებოდი ერთ-ერთ შეხვედრას, სადაც ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკურმა ატაშემ, მაშინდელმა ატაშემ, ერთ-ერთ უცხოელ პროფესორს გაუზიარა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ევროპულ ქვეყანას გამზადებული ჰქონდა დასკვნა არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ, თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა სხვა ქვეყანამ გამოაქვეყნა დასკვნა საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის თაობაზე და ამის შემდეგ ყველა ევროპულმა ქვეყანამ შეატრიალა საკუთარი დასკვნა.

ასეთი ურთულესი წლები გვაქვს გამოვლილი ჩვენ - ჯერ 90-იანი წლები, შემდეგ მომდევნო ცხრა წელიწადი, ავტორიტარიზმის ცხრა წელიწადი, და ბუნებრივია, ამ პროცესებმა, მძიმე პროცესებმა საკუთარი კვალი დაატყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც. თუმცა ეს ყველაფერი შეიცვალა და 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიული არჩევნები და მაღალპროფესიული, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი. ეს არის საარჩევნო მემკვიდრეობის დაფასება და ამავდროულად იმ ადამიანების ღვაწლის აღნიშვნა, ვინც ამ ტრადიციას დღეს ღირსეულად აგრძელებს.

მე კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენგანს. მადლობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას, ბატონ თავმჯდომარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეულ წევრს, ასევე საოლქო კომისიების წევრებს, საუბნო კომისიების წევრებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებიან დემოკრატიულ არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში. მადლობა მინდა გადავუხადო ცესკო-ს თითოეულ თანამშრომელს, ვინც წლების განმავლობაში არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების საქმეს ემსახურება. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ ყველას წარმატებებს,“- განაცხადა პრემიერმა.