ბათუმში, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობის დროს რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა

ბათუმში, ევროპის ლიგის მატჩის გამო, სადაც ერთმანეთს თურქეთის „ბეშიქთაში“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევა” ხვდებიან, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ცოტა ხნის წინ ქალაქის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.
ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებში მსვლელობა დასრულებულია, კლუბების გულშემატკივრები ბათუმის სტადიონთან იმყოფებიან და თამაშის დაწყებას ელოდებიან.
შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და ბეერ-შევას „ჰაპოელს“ შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში იმართება.
უეფა-ს განცხადებით, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო და გადაწყვეტილება ამიტომ იქნა მიღებული.

























