ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ

ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ

ბათუმში, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე „ბეშიქთაშის" გულშემატკივრები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ.

დაძაბული სიტუაციის გამო, საფეხბურთო მატჩი დროებით შეწყდა და შემდეგ კვლავ განახლდა.

„გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცავები ცდილობდნენ. ფანებმა სტადიონის ინვენტარი დააზიანეს, დაზიანებულია სკამები", - ამბობს სტადიონზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

თამაშის დაწყებამდე, ბათუმის ქუჩებში კლუბ „ბეშიქთაშის“გულშემატკივრების მსვლელობა გაიმართა, რა დროსაც რამდენჯერმე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები, სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და ბეერ-შევას „ჰაპოელს“ შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში იმართება.

უეფა-ს განცხადებით, უსაფრთხოების გამო, შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო და აღნიშნული გადაწყვეტილება ამიტომ იქნა მიღებული.