ანდრეი სიბიგა - უკრაინის არცერთი ქმედება არასდროს ყოფილა მიმართული ლიბიის ან ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ლიბიელ კოლეგასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ბენღაზის პორტში რუსული გემების წინააღმდეგ კიევის ქმედება მიმართული იყო მოსკოვის სამხედრო ძალების, და არა თავად ლიბიის წინააღმდეგ.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას არ აქვს განზრახვა, რუსეთთან ომი ლიბიასა თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში გადაიტანოს.
“არ გვაქვს განზრახვა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ლიბიასა თუ სხვა რომელიმე ქვეყანაზე გავრცელდეს“, - აღნიშნა სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ალ-ტაჰერ ალ-ბაურს უთხრა, რომ „უკრაინის არცერთი ქმედება არასდროს ყოფილა მიმართული ლიბიისა თუ ლიბიელი ხალხის წინააღმდეგ“.
მისი თქმით, გამოთქვა სინანული არასასურველი შედეგების გამო და ლიბიელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
უკრაინამ კვირას ბენღაზის პორტში საზღვაო დრონების გამოყენებით რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების კორვეტი და სატვირთო გემი ჩაძირა. ერთი დღით ადრე კი ფინეთის ყურეში რუსეთის სამხედრო სტრუქტურებთან დაკავშირებულ სატვირთო გემზე დრონებით იერიში განხორციელდა.
ტრიპოლიში მოქმედმა, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა ლიბიის ეროვნული ერთიანობის მთავრობამ უკრაინის ოპერაცია დაგმო და განაცხადა რომ ლიბია არ დაუშვებს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩაითრიონ.
ლიბიის ეროვნული არმიის გენერალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ლიბიის არმიის ორი სამხედრო მოსამსახურე მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

























