ედიშერ და გიგი გარაყანიძის სახელობის სტიპენდია 10 წელია გაიცემა

ედიშერ და გიგი გარაყანიძის სახელობის სტიპენდია 10 წელია გაიცემა

საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდა თაობის განათლებასა და პროფესიულ განვითარებას. ამ მიმართულებით ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის სტიპენდიაა, რომელიც უკვე ათი წელია ნიჭიერ და მოტივირებულ სტუდენტებს აკადემიური და სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს. სტიპენდიის გადაცემის საზეიმო ღონისძიება საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გალობის უნივერსიტეტის ახალ შენობაში გაიმართა.

სტიპენდია ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენისა და მეცენატის, ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად გადაეცემა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრებისა და აქტიური სამეცნიერო ცხოვრების მქონე სტუდენტებს. ინიციატივა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განავითარონ სამეცნიერო და შემოქმედებითი პოტენციალი, გააგრძელონ კვლევითი საქმიანობა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში.

წლევანდელი სტიპენდიატები ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებელმა და გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნანა გოთუამ დააჯილდოვა. სტიპენდიის მფლობელები გახდნენ: მონაზონი ნინო სამხარაძე (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი), ნიკოლოზ კიწმარიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი), გვანცა მაისურაძე (გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის მაგისტრანტი).

ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის სტიპენდია მათი გამორჩეული ღვაწლის დაფასებისა და სახელის უკვდავყოფის მნიშვნელოვანი ფორმაა. ამასთანავე, იგი ემსახურება იმ სამეცნიერო, შემოქმედებითი და კულტურული ფასეულობების შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას, რომელთა განვითარებასაც მეცნიერებმა თავიანთი საქმიანობა მიუძღვნეს.

ნანა გოთუა, ფონდ „ქართული გალობის დამფუძნებელი და გალობის უნივერსიტეტის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელი: „გამორჩეულ სტუდენტებს ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდია გადავეცით. ამ ორი ადამიანის ღვაწლი ქართული ტრადიციული მუსიკის შესწავლასა და პოპულარიზაციაში უდიდესია. აღნიშნული სტიპენდია სტუდენტებისთვის არა მხოლოდ დიდი მოტივაცია და დაფასებაა, არამედ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაცაა, ღირსეულად ემსახურონ დიდი წინაპრების დანატოვარს, გაუფრთხილდნენ ამ ფასდაუდებელ განძს, შეინარჩუნონ იგი და მომავალ თაობებს გადასცენ“.

(R)