დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის საკითხს განიხილავენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მომავალი მოლაპარაკებების დროს რესპუბლიკაში რუსული სამხედრო ბაზის საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს ბაზა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კრიტიკულ ელემენტს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, საინტერესო იქნება სომხეთის პოზიციის მოსმენა”, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთში ვიზიტი დიდი ხანია შეთანხმებულია და კრემლი ამისთვის ემზადება. პესკოვის განცხადებით, მომავალი შეხვედრის მთავარი თემა ერევნის მიერ ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის ორიენტაციის არჩევის საკითხი იქნება.
„ევროკავშირისკენ ორიენტაცია და, ამავდროულად, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელების სურვილი ერთმანეთთან შეუთავსებელია”, - აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანმა სექტემბერში განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის განიხილოს გიუმრის სამხედრო ბაზის როგორც შენარჩუნება, ასევე ჯარების გაყვანა. ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თუ ერევანს ეს ობიექტი არ დასჭირდება, რუსული მხარე „თუნდაც ხვალვე გავა”.

























