კავკასიის უნივერსიტეტი - „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026“-ის გამარჯვებული ხარისხიანი განათლების მიმართულებით

კავკასიის უნივერსიტეტი - „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026“-ის გამარჯვებული ხარისხიანი განათლების მიმართულებით

კავკასიის უნივერსიტეტი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network Georgia) „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026“-ის გამარჯვებულია მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში, ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“ (SDG 4).

ჯილდო კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ს გადაეცა.

ეს აღიარება უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეხმიანება იმ პრინციპს, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი თავის საქმიანობაში ეყრდნობა: განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლება. მან ადამიანს უნდა მისცეს შესაძლებლობა, მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოს, შექმნას ახალი შესაძლებლობები და დადებითი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე.

ამ მიმართულებით უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა 2016 წელს დაარსებული ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრია. ცენტრი სხვადასხვა საგანმანათლებლო და პრაქტიკულ ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის პრე-აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამებს, ჰაკათონებსა და იდეათონებს. მისი საქმიანობის მიზანია სამეწარმეო უნარების განვითარება და ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც ახალი იდეების პრაქტიკულ განხორციელებას უწყობს ხელს.

ამ საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn, რომელიც მონაწილეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებისთვის საჭირო ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას სთავაზობს. პროგრამის სასწავლო შინაარსი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისთან თანამშრომლობით შემუშავდა და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიზნესმოდელის შემუშავება, ბაზრის კვლევა, მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და სხვა. სწავლება ეფუძნება თემატურ შეხვედრებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს.

ამასთან, მონაწილეები იღებენ ინდივიდუალურ მენტორულ მხარდაჭერას ადგილობრივი და საერთაშორისო მენტორებისგან, რომელთა შორის არიან წარმატებული მეწარმეები, ინვესტორები და საქართველოსა და საერთაშორისო სტარტაპეკოსისტემის წარმომადგენლები. მათი პრაქტიკული გამოცდილება მონაწილეებს ეხმარება ბიზნესიდეების განვითარებასა და შეფასებაში, ხოლო პროგრამის დასასრულს გუნდები საკუთარ სტარტაპებს დემო დღეზე წარადგენენ.

რაც მთავარია, CUnicorn-ის საგანმანათლებლო მიდგომა პროგრამის დასრულებით არ შემოიფარგლება. ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი კურსდამთავრებულებთან მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებს და საჭიროების შემთხვევაში მათ სტარტაპების განვითარების შემდგომ ეტაპებზეც ეხმარება. მხარდაჭერა შეიძლება უკავშირდებოდეს პროფესიული კონსულტაციის მიღებას, შესაბამისი კონტაქტების მოძიებასა თუ ახალი შესაძლებლობების გამოყენებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც სტარტაპის განვითარება პროგრამის დასრულების შემდეგაც გრძელდება და სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ ცოდნასა და რესურსებს მოითხოვს.

კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მათი ჩართულობაა პროგრამის მომდევნო ნაკადებში. CUnicorn-ის კურსდამთავრებულები თავად ხდებიან მენტორები და ახალ მონაწილეებს უზიარებენ პროგრამაში მიღებულ ცოდნასა და საკუთარ სამეწარმეო გამოცდილებას. ამგვარად, იქმნება ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების უწყვეტი პროცესი, რომელშიც პროგრამის ყოფილი მონაწილეები ახალი თაობის განვითარებაშიც მონაწილეობენ. სწორედ ეს განასხვავებს CUnicorn-ს სხვა საგანმანათლებლო პროგრამისგან და მის გრძელვადიან ღირებულებას განსაზღვრავს.

დღეისთვის, ცენტრის მიერ პროგრამის განხორციელებული 7 ნაკადის ფარგლებში მხარდაჭერილია 50 სტარტაპი (164 მონაწილე), რომლებიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს (EdTech), აგროტექნოლოგიებს (AgriTech), მწვანე ტექნოლოგიებს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ციფრულ მარკეტინგს. ეს მრავალფეროვნება წარმოაჩენს ცენტრის საქმიანობის ფართო მასშტაბსა და მის წვლილს სხვადასხვა სექტორში ინოვაციური სამეწარმეო იდეების განვითარებაში.

პროგრამის კურსდამთავრებულების მიღწევები აისახება მათ მიერ მიღებულ ფინანსურ მხარდაჭერასა და შემდგომ პროფესიულ განვითარებაში. CUnicorn-ის მონაწილე გუნდებმა ჯამურად მოიპოვეს 795,000 ლარისა და 125,000 აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს გრანტებს, საპრიზო თანხებსა და ინვესტიციებს. ამასთან, პროგრამის კურსდამთავრებული სტარტაპები აქტიურად აგრძელებენ განვითარებას და მონაწილეობენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საერთაშორისო აქსელერატორების პროგრამებში. ეს შედეგები მიუთითებს, რომ CUnicorn-ის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გუნდებს ეხმარება, პროგრამის დასრულების შემდეგაც განაგრძონ ზრდა და ახალ შესაძლებლობებზე წვდომა მოიპოვონ.

თუმცა CUnicorn-ის მთავარი შედეგი მხოლოდ შექმნილი სტარტაპები, მოზიდული დაფინანსება ან საერთაშორისო წარმატებები არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რომელსაც ეს გამოცდილება ახალგაზრდებში იწვევს. მონაწილეები ხშირად აღნიშნავენ, რომ პროგრამამ მათ საკუთარი შესაძლებლობები სხვაგვარად დაანახა, მისცა ახალი მოტივაცია და რწმენა, რომ თავადაც შეუძლიათ ახალი და მნიშვნელოვანი გავლენის შექმნა. სწორედ ამის წახალისება სურს უნივერსიტეტს: ახალგაზრდებმა არა მხოლოდ არსებული შესაძლებლობები გამოიყენონ, არამედ თავად მოიფიქრონ ახალი იდეები, პრობლემებს ახლებურად შეხედონ და საკუთარი ჩანაფიქრი რეალობად აქციონ.

კავკასიის უნივერსიტეტის რწმენით, თანამედროვე უნივერსიტეტის პასუხისმგებლობა მხოლოდ კარგი სპეციალისტების მომზადებით არ ამოიწურება. მისი ვალია, შექმნას გარემო, სადაც ახალგაზრდები თავად გახდებიან ცვლილებების შემქმნელები. „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026“ ამ საერთო შრომის აღიარებაა - უნივერსიტეტის გუნდის, სტუდენტების, კურსდამთავრებულების, მენტორების, პარტნიორებისა და მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოების. კავკასიის უნივერსიტეტი ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს, რადგან სჯერა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა.

(R)