დავით ონოფრიშვილი ევროპის დაზღვევისა და პროფესიული საპენსიო ორგანოს (EIOPA) აღმოსავლეთ თანამშრომლობის კონფერენციას დაესწრო

25-26 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ევროპის დაზღვევისა და პროფესიული საპენსიო ორგანოს (EIOPA - European Insurance and Occupational Pensions Authority) ორგანიზებით გამართულ აღმოსავლეთ თანამშრომლობის კონფერენციაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
პრესსამსახურის თანახმად, კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით იმ იურისდიქციებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროკავშირის რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო კანონმდებლობის ეროვნულ მარეგულირებელ ჩარჩოში დანერგვით. ღონისძიება მიზნად ისახავდა სადაზღვევო სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას, მათ შორის, პრუდენციული ზედამხედველობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე.
„კონფერენციის პირველ დღეს განხილული იყო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა, რეგიონში ტექნიკური მხარდაჭერისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამები, ასევე ევროკავშირის სადაზღვევო მარეგულირებელი ჩარჩოს მიღებისა და პრაქტიკაში დანერგვის პროცესში არსებული გამოწვევები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესორ კლიმე პოპოსკის მონაწილეობით გამართულ სესიას, რომელიც ევროკავშირის მარეგულირებელი ჩარჩოს ეროვნულ დონეზე ადაპტირებისა და დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებს შეეხებოდა. დისკუსიის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა იმსჯელეს ევროპული მოთხოვნების დანერგვის პრაქტიკულ საკითხებსა და ამ მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებაზე.
განხილვებში აქტიური მონაწილეობა მიიღო დავით ონოფრიშვილმა, რომელმაც კოლეგებს გააცნო საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების ძირითადი მიმართულებები, ბოლო წლების ზრდის ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები. მან, ასევე, ისაუბრა საქართველოში სადაზღვევო სექტორის მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესზე, ხაზი გაუსვა რეგიონში სადაზღვევო ბაზრების განვითარების ტენდენციებისა და საზედამხედველო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის სადაზღვევო სექტორში მიმდინარე მნიშვნელოვანი მარეგულირებელი სიახლეები, მათ შორის, სადაზღვევო კომპანიების აღდგენისა და რეზოლუციის (Recovery and Resolution) მექანიზმები, გადახდისუნარიანობა 2-ის (Solvency II) მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება, ზედამხედველობის პროცესში ოპერაციული მდგრადობის საკითხები (Operational resilience) და ციფრული ოპერაციული მდგრადობის აქტი (DORA), აგრეთვე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ევროპული მიდგომები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ღონისძიების ფარგლებში დავით ონოფრიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სლოვენიის, უნგრეთის, ბულგარეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სლოვაკეთის სადაზღვევო ზედამხედველობის ორგანოების კოლეგა წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სადაზღვევო სექტორის განვითარების საკითხები, საზედამხედველო გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ასევე, დავით ონოფრიშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის დაზღვევისა და პროფესიული საპენსიო ორგანოს თავმჯდომარესთან პეტრა ჰილკემასთან, რომელიც ამავდროულად დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეა. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმო საერთაშორისო საზედამხედველო თანამშრომლობასა და საქართველოს ჩართულობას ასოციაციის საქმიანობაში.
„აღსანიშნავია, რომ დავით ონოფრიშვილი მეორე ვადით წარმოადგენს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონს ასოციაციის აღმასრულებელ კომიტეტში. აღნიშნული პოზიცია საქართველოს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად მონაწილეობდეს გლობალური სადაზღვევო ზედამხედველობის საკითხების განხილვასა და საერთაშორისო საზედამხედველო პოლიტიკის ფორმირების პროცესში, წარმოაჩინოს რეგიონის პრიორიტეტები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























