გედევან ფოფხაძე - საზოგადოება ქვეყანაში რუსულ დიქტატურას არ შეეგუება - შევიკრიბებით იქამდე, სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს!

საზოგადოება ქვეყანაში რუსულ დიქტატურას არ შეეგუება - შევიკრიბებით იქამდე, სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ევროპული არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა.
“კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს, რომ საზოგადოება ქვეყანაში რუსულ დიქტატურას არ შეეგუება. ის, რაც 2 წლის წინ მოხდა, კონსტიტუციური გადატრიალება იყო. ხელისუფლებამ დემონსტრაციულად თქვა, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლი აღარ არსებობს და ამის შესრულებას არ აპირებენ. ეს არ არის უბრალოდ მუხლი. ეს არის ჩვენი მრავალსაუკუნოვანი არჩევანი. ქართველმა ხალხმა ყველაზე დიდი ევროპული არჩევანი მე-4 საუკუნეში გააკეთა, როდესაც მირიან მეფემ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა. იქიდან მოყოლებული საზოგადოება ამას იცავდა - დავითის, ილიას და ყველა იმ დიდი ქართველის მეშვეობით, ვისაც სწორი ორიენტირები ჰქონდა. ივანიშვილი დაუპირისპირდა არა მარტო თანამედროვეობას, არამედ ყველა ჩვენს ისტორიულ პერსონაჟს, რომელმაც საუკუნიდან საუკუნემდე, საქართველოს ეროვნული იდენტობა შექმნა. ბუნებრივია, ასეთი კონფლიქტი საზოგადოებაში მარტივად ვერ დამთავრდება. დამთავრდება ან საქართველოს გამარჯვებით, ან პრორუსული მარიონეტული რეჟიმის გამარჯვებით. ეს მეორე ისტორიულად გამორიცხულია, არანაირი ლოგიკა მაგაში არ არის, ამიტომ შევიკრიბებით იქამდე, სანამ საქართველო არ გაიმარჯვებს”, - განაცხადა ფოფხაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მოქალაქეები მიდიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ავლაბრის მეტროსთან, ისე ორბელიანის მოედანზე. მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ მოაწყობენ. დღევანდელი აქცია მიეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პერმანენტული აქციების დაწყებიდან ორი წლისთავს.
2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.

























