გოჩა ჯავახიშვილი - ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამ დემონსტრაციაზე უნდა იდგნენ და თქვან: აბა რა, ჩვენც ევროპა გვინდა და ყველამ ერთად ვიაროთ წინ, ევროპისკენ - ეს კი არ უნდა იყოს წნეხის საბაბი, არამედ ერთგვარი ქართული ფერხული უნდა იყოს ევროპისაკენ

ქართველი ხალხის გამძლეობა და შეუპოვრობა, ევროპისთვისაც სამაგალითო და მისაბაძია, რადგან ისინი ზეწოლას არ უშინდებიან, - ამის შესახებ საფრანგეთსა და მონაკოში ყოფილმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
ის თსუ-სთან იმყოფება, სადაც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ. როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ევროპულ მომავალზე უარის თქმას რა ალტერნატივა აქვს, ეს ყველამ იცის.
„მნიშვნელოვანი დღეა და მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ამდენი ხალხი მოვიდა, ამ აქციას კიდევ ბევრი უერთდება. ეს არის სწორედ ის ნიშანი, რომ იდეა არ კვდება. ევროპა ეს არ არის მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორია, ეს არის იდეა და ამ იდეის ვისაც სჯერა, მას სჯერა, რომ ევროპა შეიძლება ტურბულენტურ ზონაშია, ბევრ პრობლემას უმკლავდება, ბევრი შიდა და გარე გამოწვევა აქვს, მაგრამ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს არის იდეა, რომელიც არ კვდება. ამ იდეის ვისაც სჯერა, ის ხალხია დღეს შეკრებილი. ევროპისთვისაც სამაგალითო და მისაბაძია ქართველი ხალხის გამძლეობა და შეუპოვრობა, არ უშინდებიან ზეწოლას. ხალხმა სამსახურები, მატერიალური კეთილდღეობა დათმო, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს იდეა არის ეფემერულ კეთილდღეობაზე გაცილებით მეტი, რომ ეს არის ღირსების საკითხი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი. ევროპულ მომავალზე უარის თქმას ვიცით რა ალტერნატივამდე მივყავართ.
ხელისუფლების მხრიდან ჩანს ისევ ზეწოლა. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ გზას უნდა გაჰყვნენ, ეშინიათ, რომ ხელისუფლება ამას მათ წინააღმდეგ გამოიყენებს. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც დღეს, ამ ხალხთან ერთად უნდა იყვნენ დემონსტრაციაზე და თქვან: აბა რა, ჩვენც ევროპა გვინდა და ყველამ ერთად ვიაროთ წინ, ევროპისკენ. ეს კი არ უნდა იყოს წნეხის საბაბი, ან ვინმეს მიმართ რეპრესიული დამოკიდებულების გამოსახატი, არამედ ეს ერთგვარი ქართული ფერხული უნდა იყოს ევროპისაკენ და ამაში ყველა უნდა იღებდეს მონაწილეობას“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მოქალაქეები მიდიან როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ავლაბრის მეტროსთან, ისე ორბელიანის მოედანზე. მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ მოაწყობენ. დღევანდელი აქცია მიეძღვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პერმანენტული აქციების დაწყებიდან ორი წლისთავს.
2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს. ამას ქვეყანაში პროტესტი და ყოველდღიური საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების ფარგლებში დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს ათობით ადამიანი. პროტესტის მონაწილეები ორი წლის განმავლობაში ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების გათავისუფლებას.

























