გიგა ლემონჯავა - ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერცერთმა სხვა ხალხმა ამ რეგიონში - ჩვენ ფეხზე ვდგავართ, ვაგრძელებთ ბრძოლას და გამარჯვება გარდაუვალია!

გიგა ლემონჯავა - ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერცერთმა სხვა ხალხმა ამ რეგიონში - ჩვენ ფეხზე ვდგავართ, ვაგრძელებთ ბრძოლას და გამარჯვება გარდაუვალია!

ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც გაუძლო იმას, რასაც ვერ გაუძლო ვერცერთმა სხვა ხალხმა ამ რეგიონში - ჩვენ ფეხზე ვდგავართ, ვაგრძელებთ ბრძოლას და გამარჯვება გარდაუვალია! - ასე მიმართა "დროას" ლიდერმა გიგა ლემონჯავამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

ლემონჯავამ განაცხადა, რომ რეჟიმს გაუჩნდა ბზარები, ხოლო 2024 წლის 28 ნოემბრის 2 წლის თავზე ათიათასობით ადამიანი კვლავ ქუჩაშია.

„2024 წლის ნოემბრის შემდეგ ჩვენს საკმაოდ მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. მძიმე პერიოდი იყო რამდენადაც „ქართული ოცნების" რეჟიმმა იკადრა საკუთარი მოქალაქეების წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, პატიმრობა და ყველაფერი რისი კადრებაც რეჟიმს შეეძლო.

ხანდახან იმედგაცრუება და იმის შესახებ ფიქრი შემოგვიტევს, ამ ბრძოლას აქვს თუ არა დასასრული და შეგვიძლია თუ არა გამარჯვება. ყოველთვის როდესაც ეს ფიქრი შემოგვიტევს, უნდა გავიხსენოთ, რომ დღეს თავისუფლების მოედანზე დგას ხალხი, რომელმაც რეჟიმის მიერ განწირულ ექიმს ახმეტიდან 53 წუთში 50 ათასი ლარი შეუგროვა და გადაარჩინა.

თავისუფლების მოედანზე დგანან ილიაუნის სტუდენტები, რომლებმაც რეჟიმის მიერ განწირულ ბავშვებს ამ გაჭირვებულ ქვეყანაში რამდენიმე დღეში 2 მილიონი ლარი შეუგროვა. დღეს აქ დგანან საჯარო მოხელეები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის და ევროპული მომავლის დაცვის გამო სამსახურებიდან გამოადგეს და დასაჯეს, მაგრამ ეს ხალხი დგას აქ და ბრძოლას აგრძელებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

დღეს აქ დგას ხალხი სამოქალაქო ორგანიზაციებიდან, რომელთა წინააღმდეგ რუსული კანონი მიიღეს. იმედოვნებდნენ, რომ მათ საქმიანობას შეაჩერებდნენ, მაგრამ ვერ შეაჩერეს და ამ ხალხმა ბრძოლა გააგრძელა.

დღეს აქ დგანან პროფესორები, მასწავლებლები, რომელთაც თავისუფალი აზრის გამო დევნიდნენ და დღესაც დევნიან. სჯიან, რომ მათი ბრძოლა შეაჩერონ, მაგრამ ვერ შეაჩერეს და ვერც შეაჩერებენ.

დღეს აქ დგანან პოლიტიკური პატიმრები, რომელთაც წლები წაართვეს. მათ ციხეები დატოვეს და დღეს აქ ჩვენთან ერთად დგანან და ჩვენთან ერთად აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის.

გაიხედეთ რეჟიმის მხარეს - მათი მინისტრთა კაბინეტის ნახევარი ციხეში ზის, დაყოფილია კრიმინალურ კლანებად და ჩაძირულია კორუფციაში. ქურდბაცაცა რეჟიმის წარმომადგენლები დანოსების დაწერასა და ჩვენებების მიცემას საკუთარი თანაგუნდელების წინააღმდეგ ერთმანეთს ასწრებენ", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.