ირაკლი კობახიძე - ცნობილი გამონათქვამია, რომ 20%-ია ოკუპირებული, რეალურად, 18%-ია მაჩვენებელი, თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი პროცენტია ოკუპირებული: ნუ, ჩვენ ვიცით, ცნობილი გამონათქვამიც არის, რომ 20%-ია ოკუპირებული. რეალურად, თუ უფრო ზუსტად გაინტერესებთ, 18%-ია მაჩვენებელი - ესეც თავის დროზე რატომ დაამრგვალეს, არ ვიცი. როცა საქმე ეხება დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ, მე მგონი არ უნდა ამრგვალებდე ოკუპირებულ ტერიტორიებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ესეც იმ გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“.
„ამას არსებითი მნიშვნელობა კი არა აქვს, მაგრამ 20% მოგვყვება ჩვენ წლებია, და ესეც გულგრილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ვინ ჩივის 20%-ს და 18%-ს შორის განსხვავებას - ქვების გროვას უწოდებდა პირდაპირ წინა ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი დაკარგულ სოფლებს ცხინვალის რეგიონში. ეს მძიმე მემკვიდრეობაა.
რაც შეეხება იმას, გაფართოვდა თუ არა ტერიტორიული ინტერვენცია, ოკუპაცია - რეალურად გვაქვს ასეთი ვითარება: არსებითად მიჰყვება ეს მავთულხლართები და ე.წ. საზღვარი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს, ძველი რუკით ახორციელებენ, ასე ვთქვათ, მავთულხლართების გავლებას, და, სამწუხაროდ, გვაქვს ერთი მონაკვეთი - ეს არის სწორედ ჩორჩანის მონაკვეთი, სადაც კილომეტრებით არიან შემოწეული ჩვენს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მიღმა. ასეთია დღევანდელი მდგომარეობა. ძალიან რთული ვითარებაა, ესეც არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა. აქაც მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი პოზიციები, თუმცა მემკვიდრეობა არის ძალიან მძიმე,“ - განაცხადა პრემიერმა.

























