სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - კარგად დაითვალა? იცის დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ოკუპირებული და ვიცით, რამდენად რუსული რეჟიმი მართავს ქვეყანას - დაშლილია რეჟიმი, კორუფციაში ჩაფლული და იზოლაციაში

ვერაფერი შეძლეს. კი უნდათ ჩვენი ჩამოშორება ევროპისა და ამერიკისგან და ჩვენი მიტრიალება რუსეთისკენ, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებენ, იმიტომ, რომ აქ დგას ხალხი, რომელიც არასდროს დათანხმდება იმას, რომ საქართველო დაბრუნდეს რუსეთს დომინაციის ქვეშ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ხალხს სურს მშვიდი, ცივილიზებული, თავის მეგობრებთან მყოფი საქართველო და „არა მტრების წიხლის ქვეშ ამოდებული“.
„დღევანდელი აქცია არის ამის დასტური, რომ ჩვენ ორი წლის მერე ვდგავართ, ვართ ერთად, ვართ ძალიან ბევრნი და ჩვენ არ დავთანხმდებით, არ დავნებდებით და ბოლომდე ვიქნებით, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო დავაბრუნოთ თავის გზაზე. ამ ხალხს მოვაშოროთ და არ გვინდა ასეთი საქართველო, ჩვენ გვინდა მშვიდი, ცივილიზებული, თავის მეგობრებთან მყოფი საქართველო და არა მტრების წიხლის ქვეშ ამოდებული.
გაერთიანება არის აქ, არ სჭირდება ჩადგომა, არსად არ ჩავდგები, ჩვენ ვართ ერთად. მე სულ აქ ვიყავი ხალხთან ერთად და ვიქნები კიდევ, სანამ საჭირო იქნება, ბოლომდე. მე ვთქვი, რომ იდეალური ვიყავი სხვა რამისთვის, ტრანზიციისთვის, იმიტომ რომ საჭიროა, როცა ესენი ბოლომდე ჩამოიშლებიან, სტაბილურობა იყოს, ლეგიტიმურობა იყოს და დრო მივცეთ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიას და კიდევ სხვებს, რომლებიც მზადდებიან, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ და ჩავატაროთ ნამდვილად სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ავირჩიოთ ჩვენი თავისუფალი მომავალი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, აქციის დროს თუ მცირე პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი, ეს იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება ხალხის ძალას გრძნობს.
„ძალიან კარგი ნიშანია, როცა პროვოკაციაა. ეს ნიშნავს, რომ გრძნობენ ძალას და რეალურად დღეს ნამდვილად იგრძნობოდა. ვნახეთ, რამდენი „შკოდა“ იყო მოყვანილი აქ. გრძნობენ საზოგადოების ძალას. როცა საზოგადოება დგას ერთად, ძალიან დიდი ძალაა და დღეს ძალა ჩვენს მხარესაა. დაშლილია რეჟიმი, კორუფციაში ჩაფლული და იზოლაციაშია და იზოლაციიდან ვერ გამოდიან. ვერანაირად ვერ მართავენ ვერც შიგნით ქვეყანას, ვერც გარეთ. ვხედავთ, რომ ეძებენ იქ-აქ სხვადასხვა პარტნიორს, მაგრამ ესეც არის გაუმართავი.
პატარა ინციდენტები იყო, პროვოკაციები იყო, ყოველთვის იქნება და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ცდილობს ეს რეჟიმი, რომ კიდევ იარსებოს. ჩვენი ერთობა არის ძალა და ამ რეჟიმის ერთადერთი ბერკეტი არის, რომ სცადოს და დაშალოს ეს ერთობა. ავირჩიოთ ჩვენ ერთობა გვინდა თუ დაშლა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არა 20%, არამედ 18%-ია ოკუპირებული, სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „კარგად დაითვალა ხომ? იცის კიდევ დათვლა, თუ რამე იცის?! ჩვენ ვიცით, რამდენი ნაწილია ქვეყნის ოკუპირებული, ვიცით, რამდენად რუსული რეჟიმი მართვას დღეს, ვერ მართავს რეალურად საქართველოს“.

























