ხატია დეკანოიძე - გამალებული რუსიფიკაციის ფონზე, როცა კობახიძე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მაჩვენებელსაც კი პროპაგანდისტულად ცვლის რუსეთის სასარგებლოდ - ივანიშვილის და სააკაშვილის გათანაბრება დაუშვებელი შეცდომაა

ხატია დეკანოიძე - გამალებული რუსიფიკაციის ფონზე, როცა კობახიძე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მაჩვენებელსაც კი პროპაგანდისტულად ცვლის რუსეთის სასარგებლოდ - ივანიშვილის და სააკაშვილის გათანაბრება დაუშვებელი შეცდომაა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „გამალებული რუსიფიკაციის ფონზე“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „გათანაბრება დაუშვებელი შეცდომაა“.

დეკანოიძე ეხმაურება 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ბანერთან დაკავშირებულ ინციდენტს და აღნიშნავს, რომ ივანიშვილი მხოლოდ „ღალატთან ტოლდება“.

“ამ გამალებული რუსიფიკაციის ფონზე, როცა კობახიძე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მაჩვენებელსაც კი პროპაგანდისტულად ცვლის რუსეთის სასარგებლოდ - ივანიშვილის და სააკაშვილის გათანაბრება იდეოლოგიურად და ისტორიულ პარადიგმაშიც დაუშვებელი შეცდომაა.

იმედია, ჭკვიანი ადამიანები ხვდებიან, რომ რუსეთის ალტერ-ეგო ივანიშვილი მხოლოდ ღალატთან ტოლდება”, - წერს დეკანოიძე.

ცნობისთვის, 28 ნოემბრის თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე იყო გაშლილი ბანერი, რომელზეც დატანილი იყო, როგორც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის, ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსახულება წარწერით: "არა! ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა", რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მოქალაქეების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს "გამიზნული პროვოკაცია" უწოდეს და „ოპოზიციის ალიანსისგან“ მოითხოვეს, ღიად დააფიქსირონ პოზიცია, ემიჯნებიან თუ არა მომხდარს.