ევროსასამართლო 7 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღით დაზარალებული აქციის მონაწილეების განაცხადს განიხილავს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2007 წლის 7 ნოემბერს რიყეზე ცეცხლსასროლი იარაღით დაზარალებული აქციის სამი მონაწილის; - გიორგი თევდორაშვილის, ნიკა დიდიშვილისა და ვახტანგ ინასარიძის განაცხადს განიხილავს.
ევროსასამართლოში მათ ინტერესებს იცავს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი, ევროსასამართლოს საქმეების სპეციალისტი ლია მუხაშავრია.
როგორც „ინტერპრესნიუსს’ ლია მუხაშავარიამ განუცხადა, თევდორაშვილის, დიდიშვილისა და ინასარიძის მიმართ გამოყენებული იყო იარაღი, რომლის გამოყენებაც 1898 წლის ჰააგის კონვენციით აკრძალულია.
მისივე ინფორმაციით, დაზარალებულები დაჭრილები არიან ე.წ. დუმდუმის ტყვიებით, რომელიც არაადამიანური იარაღია და ქსოვილებსა და ძვლიან მასას ნამსხვრევებად აქცევს. ჩატარდა ალტერნატიული ექსპერტიზა, ვინაიდან გამოძიება არ დაიწყო და, შესაბამისად, სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა ცნობილი არ იყო. ალტერნატიულმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით იყო მიყენებული.
ლია მუხაშავრის თქმით, მარტივად, რამდენიმესაათში შეიძლება იმის დადგენა,;; რომელი იარაღიდან იყო ტყვიები გასროლილი და ეს იარაღი ჰქონდა თუ არა პოლიციას.
„ტაბელური იარაღიდან პოლიციის თანამშრომელმა ისროლა. იმ დღეს გაიცა ტაბელური იარაღები, გატარდა სარეგისტრაციო ჟურნალშიც. დადგენადია, ვის რომელი იარაღი ჰქონდა. ტყვიის იდენტიფიკაციით დგინდება მარტივად, რომელი იარაღიდან არის გასროლილი და ვის ჰქონდა. დადგენა რთულია, როდესაც უცნობია და უკანონოა იარაღი. ამ შემთხვევაში იარაღი ტაბელურია და დადგენა ადვილია“,-აღნიშნა მუხაშავრიამ.
მისივე თქმით, განმცხადებლების მიმართ ევროკონვენციის მუხლებია დარღვეული. კერძოდ, მათ მიმართ დაირღვა სიცოცხლის უფლება, ვინაიდან აქციის სხვა მონაწილეების თავგანწირვის ხარჯზე გადაურჩნენ სიკვდილს; ისინი წამების მსხვერპლნი გახდნენ, არ მიეცათ სამართლებრივი მექანიზმი და გამოძიება არ ჩატარებულა,;; დარღვეულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაც.
ადვოკატის ინფორმაციით, სამივე დაზარალებულმა გამოძიების თხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ ვერ დავადგინეთ, რა იარაღით და ვის მიერ გასროლით მოხდა დაზიანებები და დაზარალებულები არ ხართო.
პროკურატურაში 7 ნოემბერს დაზარალებული კიდევ ორი პირის საჩივარი შევიდა. მუხაშავრიას იმედი არ აქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს, თუმცა მას შიდა პროცედურის გავლა ფორმალობისთვის, სტრასბურგში საჩივრის შეტანისთვის სჭირდება. ორი დაზარალებულის საქმე, რომელთაგან ერთი ქაშვეთის ეკლესიასთან სასტიკად სცემეს, მეორეს კი „ტელეიმედთან“ თვალი დაუზიანეს, პროკურატურის პასუხის შემდეგ ევროსასამართლოში გადაიგზავნება.
როგორც მუხაშავრიამ აღნიშნა, აქციის კიდევ ერთამ დაზარალებულმა, რომელიც თავში მძიმედ დაიჭრა,;; გასაჩივრებაზე უარი განაცხადა.

























