ნოღაიდელის პარტია თერჯოლის ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის" იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი შოთა ბურჯანაძე და თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ჯაბიძე ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, მოძრაობის თერჯოლის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, მათ შესაბამისი არგუმენტები წარმოადგინეს. შოთა ბურჯანაძე და ზურაბ ჯაბიძე თერჯოლის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საახალწლო აქსესუარების და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის 76 000 ლარის გამოყოფას გაუმართლებლად მიიჩნევენ და ხელისუფლების კიდევ ერთ უსარგებლო პიარაქციას უწოდებს.

„თერჯოლის მოსახლეობა მოითხოვს, ეს თანხები რაიონისთვის სასარგებლო საქმეში დაიხარჯოს და სოფლის მეურნეობაში გადამისამართდეს. მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეულია ხე-ტყით უზრუნველყოფის პრობლემა. რაიონი არ არის გაზიფიცირებული და გათბობის ერთადერთი საშუალება შეშაა. ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ვაუჩერები კი ყოვლად გამოუსადეგარია, ვინაიდან მოსაჭრელი ხეები იმდენად მიუდგომელ ადგილზეა, რომ მათი მოჭრა-დამზადება უზარმაზარ ხარჯს მოითხოვს. ეს ხარჯი იმდენად დიდია, რომ მოსახლეობას შეშის ადგილზე ყიდვა უფრო იაფი უჯდება", - აცხადებს ბურჯანაძე.

იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხალხისთვის ყოვლად უსარგებლო, თვალის ასახვევი პიარაქციები და საბიუჯეტო სახსრები რეალური პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენოს. „იმ სიტუაციაში, როდესაც რეგიონი სავსეა სოციალურად დაუცველი ადამიანებით და სოფლებს ტრაქტორები და მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო არანაირი ტექნიკა არ აქვს, 76 000-ლარიანი ფოიერვერკი ჰაერში გასროლილი ფულის ტოლფასია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

;

;