ბასილ მკალავიშვილი - მე მოსანანიებელი არაფერი მაქვს
ბასილ მკალავიშვილის განცხადებით, მას წმინდა სინოდის კრებისთვის განცხადებით არ მიუმართავს, - ამის შესახებ, მკალავიშვილმა დღეს, ტელეკომპანია `რუსთავი 2~-ის ეთერში განაცხადა.
;მკალავიშვილის თქმით, მისი მონანიების შესახებ ტელეკომპანიის ეთერიდან შეიტყო. იგი აცხადებს, რომ დღეს დილით საპატრიარქოდან დაურეკეს და წმ. სინოდის სხდომაში მონაწილეობა სთხოვეს. მკალავიშვილის განცხადებით, წმ. სინოდის მიერ განსახილველი საკითხები მისთვის წინასწარ უცნობი იყო.
"მე მოსანანიებელი არაფერი მაქვს და ჩემს მიერ აშენებულ ეკლესიას, რა თქმა უნდა, არ დავთმობ, ვინაიდან ეს ეკლესია ხალხის კაპიკებით არის აშენებული. რაც ვერ გამიკეთა დღევანდელმა ხელისუფლებამ, “თავისუფლების ინსტიტუტმა”, ამას აკეთებს დღევანდელი საპატრიარქო. ეს სამარცხვინოა ქართველი ერისთვის. მე ოთხწელიწადნახევარი ციხეში ვიჯექი მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის და ამას საპატრიარქო და თვით პატრიარქი ვერ მიფასებს. მე კიდევ ვიმეორებ, მოსანანიებელი არაფერი მჭირს და არც არაფერს მოვინანიებ~, _ დასძინა მკალავიშვილმა.;
;საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, წმინდა სინოდმა დღეს ბასილ მკალავიშვილის, მღვდელ ვახტანგ მარგიანისა და ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძისათვის შეჩერებული მღვდელმოქმედების აღდგენის საკითხი განიხილა. მამა დავით შარაშენიძის განცხადებით, წმინდა სინოდის კრების განჩინებით, მეუფე ქრისტეფორემ საეკლესიო დარღვევებისა და შეცდომების გამო შენდობა ითხოვა. წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, რომ ეპისკოპოსი ქრისტეფორე გამოსაცდელი ვადით გაიგზავნოს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში და მისი საკითხის განხილვა შემდეგ მოხდეს.
;მამა დავით შარაშენიძის ინფორმაციითვე,; წმინდა სინოდმა მოისმინა ბასილ მკალავიშვილისა და მღვდელ ვახტანგ მარგიანის წერილობითი თხოვნა ეკლესიაში დაბრუნების შესახებ. წმინდა სინოდის კრებამ გადაწყვიტა, რომ ბასილ მკალავიშვილი და მღვდელი ვახტანგ მარგიანი სინანულისთვის ბაღდათისა და ვანის ეპარქიაში გაიგზავნონ. ეკლესიისგან განყენებული ორივე მღვდელმსახური დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა.

























