საქართველოში ამინდი გაუარესდა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ცივი ჰაერის მასები გავრცელდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოსვლა დაიწყო და მთელ საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელდება.;

26-27 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ყინვების გამო დაბლობში ტემპერატურა –3-5 გრადუსამდე დაიწევს, რამაც შესაძლოა სუბტროპიკულ ზონაში ციტრუსების დაზიანება გამოიწვიოს. ამის შესახებ რაიონებს ინფორმაცია უკვე დაეგზავნათ.

დღეს, დღისით ქვეყნის ტერიტორიაზე ქარი გაძლიერდება, რის გამოც მოსალოდნელია ქარბუქი. დღისით ითოვებს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, რომელიც ღამითაც გაგრძელდება.

27 იანვარს საქართველოს მთელი ტერიტორია ცივი ჰაერის მასებში იქნება მოქცეული. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით -4+1 იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში, ბარში ღამით –6-1 გრადუსი. დასავლეთში დღისით ჰაერის ტემპერატურას დაბლობში მაქსიმალურს +1+2-ს ვარაუდობენ, აღმოსავლეთში - -5;0. შესაბამისად, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ღამით ყინვა მოიმატებს. დასავლეთში და აღმოსავლეთში მთაში საშუალოდ -9-14 გრადუსს ვარაუდობენ, მაღალმთიან რაიონებში – -15-20-მდე. 28 იანვარს ყინვა მაღალმთიან რაიონებში ღამით 25 გრადუსს მიაღწევს. დღისით ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა –12 გრადუსამდე დათბეს.

ამჟამად ხულოში თოვლის საფარის სიმაღლე 10 სმ-ია, სურამში – 68სმ, შოვში – 70სმ, მესტიაში – 52-სმ, ბაკურიანში – 42სმ, გუდაურში - 175სმ, ჯვარში – 235სმ, სტეფანწმინდაში – 18სმ, წალკაში – 24სმ.

თბილისში დღეს საღამოს წვიმა შესაძლოა თოვლში გადავიდეს. დღეს დედაქალაქში ქარი და თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა კი ღამით -3-5 იქნება, დღისით -1 გრადუსი ყინვა იქნება.