კოსტავას #23-ში იტალიური ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ბრენდ მაღაზია GEOX გაიხსნა
კოსტავას ქ. #23-ში დღეს იტალიური ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ბრენდ მაღაზია GEOX გაიხსნა.
მაღაზიაში ბავშვის, ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელი და ტანსაცმელია წარმოდგენილი. ღონისძიება საერთაშორისო კორპორაცია ”აი სი არ”-ის ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი ჟურულმა გახსნა.
სპეციალურად ბრენდის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად იტალიიდან GEOX-ის აღმოსავლეთ ევროპის კომერციული დირექტორი კოსტან-დავარა მარკო ჩამოვიდა.
როგორც პრეზენტაციაზე კოსტან-დავარა მარკომ განაცხადა, საერთაშორისო კორპორაცია ”აი სი არ”-ი საქართველოში ბრენდის ექსკლუზიური გაყიდვის უფლებით 2007 წლიდან სარგებლობს. მისივე თქმით, GEOX მომავალში ქსელის გაფართოებას გეგმავს. კერძოდ, უახლოეს პერიოდში ბრენდის მეორე მაღაზია სავაჭრო ცენტრ ”ქარვასლაში” გაიხსნება.
15 წლის წინ შექმნილ იტალიურ კომპანია GEOX-ს მსოფლიოში უკვე 1100 მაღაზია აქვს გახსნილი და 20 მლნ წყვილ ფეხსაცმელსა და 2 მლნ ერთეულ ტანსაცმელს ჰყიდის. თბილისში აღნიშნული მაღაზიის გახსნამდე ბრენდის ერთადერთი მაღაზია ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობდა, რომელიც ახლის გახსნის ხარჯზე დაიხურა.

























