საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი განათლების მინისტრს შეგნებული სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.
სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ვებ-გვერდზე, რუბრიკაში "ექსკლუზივი", საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს _ "სკოლებში ახალი საშტატო განრიგების დამტკიცება მასწავლებლების შემცირებას არ ნიშნავს", პედაგოგთა პროფკავშირი ეხმიანება. "ინტერპრესნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით პედაგოგთა პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. ინტერვიუში მინისტრის მიერ გაკეთებულ თითოეულ განცხადებაზე კომენტარს თავისუფალი პროფკავშირის აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი მაია ლიპარტელიანი აკეთებს.
`ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, მინისტრის პასუხები ამ შემთხვევაშიც შეგნებული სიცრუეა. არადა, ცრუ ბრალდებებში ის პროფკავშირს ადანაშაულებს ხოლმე. ჩვენ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს, სამწუხაროდ, არ მოგვეცა საშუალება, რომ მასწავლებელთათვის მნიშვნელოვან ამ და სხვა საკითხებზე დიალოგი გვეწარმოებინა. ამიტომ, იძულებული ვართ, მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაციებით საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიდეს, მინისტრის თითოეულ განცხადებას ჩვენი კომენტარი და კანონიერი განმარტებები დავუპირისპიროთ. პუნქტ–პუნქტად გთავაზობთ ჩვენს კომენტარს მის ყველა პასუხზე.
ზემოთ ნახსენები ინტერვიუს დასაწყისში საუბარია იმაზე, რომ თითქოსდა "ერთ-ერთი მთავარი სიახლე სკოლების საშტატო განრიგების დამტკიცებაა, რამაც სკოლების დირექტორებში მღელვარება გამოიწვია".
მაია ლიპარტელიანი (საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი): – საშტატო განრიგის დამტკიცება რომ სიახლე არაა, ამის დასტურია ის ფაქტი, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 19 სექტემბრის №448 ბრძანების საფუძველზე სკოლები დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და დამტკიცდა მათი წესდება. საჯარო სკოლის წესდების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა დაემტკიცებინა საშტატო განრიგი.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის (მიღებულია 1999 წლის 28 მაისს) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა საჭიროებს დამფუძნებლის, მოცემულ შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, სკოლის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შეთანხმება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სიახლე არაა. პრობლემა იმაშია, რომ სამინისტრო არ ასრულებდა კანონით მასზე დაკისრებულ ფუნქციას. კერძოდ, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი წარადგენდა საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს სამინისტროში დასამტკიცებლად და პასუხსაც ვერ იღებდა, დაუმტკიცეს თუ – არა.
დ. შაშკინი: – "ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ და სკოლების დირექტორებს ვთხოვეთ, წარმოადგინონ საშტატო განრიგები, რათა შევძლოთ მასწავლებლების ხელფასების მომატება. თბილისში პროცესი უკვე დაიწყო, ხოლო რეგიონები 20 ივნისიდან დაიწყებენ. 1-ელ აგვისტომდე კი პროცესი დასრულდება.
მასწავლებლის სრული განაკვეთი 18 საათია. ხოლო ზედმეტ საათებში მუშაობას პედაგოგს სახელმწიფო არ უნაზღაურებს. ბევრ სკოლაში არიან მასწავლებლები, რომლებსაც მაგალითად, მათემატიკაში ან ქართულ ენაში 23 ან 21, ზოგს კი მხოლოდ 15 საათი აქვს. ჩვენ ვთხოვეთ დირექტორებს, საათები ისე გადანაწილდეს, რომ მასწავლებლებმა სრული განაკვეთი და, შესაბამისად, მეტი ხელფასი მიიღონ. ჩვენი თხოვნა იყო, პირველ რიგში მიეცათ მასწავლებლებისთვის შესაძლებლობა, სრული განაკვეთის 18 საათი აეღოთ. ამის შემდეგ კი, ნაკლები საათობრივი დატვირთვა წარმოედგინათ."
მაია ლიპარტელიანი: – როგორც ხედავთ, მინისტრი საშტატო განრიგს უკავშირებს მასწავლებლის საათობრივ დატვირთვას. მასწავლებლის საათობრივი დატვირთვის სახეები განსაზღვრულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებით, რომლის მიხედვითაც მასწავლებელს შეიძლება, ჰქონდეს ნაწილობრივი, სრული და სრულზე მეტი დატვირთვა. ის ფაქტი, რომ ზოგ მასწავლებელს 23 ან 21 საათი აქვს, ხოლო ზოგს – 15 საათი, ეს დამოკიდებულია ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სასკოლო სასწავლო გეგმაზე, რომელთა მიხედვით განისაზღვრება, ამა თუ იმ კლასში რამდენი საგაკვეთილო საათი ეთმობა საგანს. თუ მაგალითად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კვირაში 21 საათი უნდა ჩაატაროს მე-10 კლასის მასწავლებებლმა, როგორ შეიძლება, რომ მას მოაკლო 7 საათი და სხვა, მეორე მასწავლებელი შეუშვა იმავე კლასში? გამოდის, რომ ერთი და იგივე კლასში ორი სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის. ამასთან, რომელი საკანონმდებლო ნორმის, რა კრიტერიუმის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს დირექტორმა, რომელ მასწავლებელს ჩამოართვას საგაკვეთილო საათი და რომელს მისცეს?
თუ მინისტრის ინიციატივის მიზანი მასწავლებელთა ხელფასების მომატებაა, მაშინ შესაბამისი ცვლილება უნდა განხორცილედეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №576 ბრძანებაში და მასწავლებელებს მიეცეთ ანაზღაურება იმ საგაკვეთილო საათებზე, რომელიც აღმატება 18 საათს.
საზოგადოებას ახსოვს, რომ ეს საკითხი არაერთხელ დავაყენეთ ჩვენ, პედაგოგთა პროფკავშირმა, მაგრამ უშედეგოდ. მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენთან შეხვედრის დროს დაავალა სამინისტროს, რომ აენაზღაურებინათ ეს საათები.
ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, 18 საგაკვეთილო საათს 1 მასწავლებელი ჩაატარებს თუ 18 მასწავლებელი, დაახლოებით ერთი და იგივე ანაზღაურება უნდა გაიცეს სკოლის ბიუჯეტიდან. განათლების რეფორმის არსი ამ მიმართულებით ის იყო, რომ მასწავლებელი დაინტერესებული არ უნდა ყოფილიყო ბევრი საათების ჩატარებით, რაც შესაბამისად, ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარების გარანტი იქნებოდა.
უკვე უამრავი პედაგოგი დაგვიკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ სკოლებში უკვე განიხილეს მინისტრის ზეპირი მითითება, მაქსიმალურად დატვირთონ 18 საგაკვეთილო საათით მცირესაათიანი ნაწილობრივი დატვირთვის მქონე მასწავლებლები.
დ. შაშკინი: "ჩვენ გადავხედეთ სასკოლო საშტატო განრიგებს და აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში სკოლებში თანამდებობების 115 სახეობა არსებობს. მათ შორის სახელდებიან მთვლელები, რომლებიც არ ვიცი, რას ითვლიან და ხელფასი 500 ლარი აქვთ, ასევე მეტაბელეები, რაც ასევე დიდი სიურპრიზია ჩემთვის."
მაია ლიპარტელიანი: – რა თქმა უნდა, ბევრ საჯარო სკოლაში არის ისეთი შტატი, რომელიც არ არის საჭირო, მაგრამ ესეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხისმგებლობაა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ახლა აღმოჩნდა მეტაბელეებისა და მთვლელების საშტატო ერთეულები. როდესაც ჩვენ ამაზე სამინისტროს წინაშე საკითხს ვაყენებდით, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მინისტრს გამორჩა, რომ სკოლაში მარკეტინგის მენეჯერის შტატებიც აქვთ. აქვე შევახსენებ მინისტრს, რომ ბიზნეს-კომპანიებს არც ლოგოპედები, ბიბლიოთეკარები და ფსიქოლოგები არ ჰყავთ, მაგრამ სკოლას ესაჭიროება.
დ. შაშკინი: – "ბრენდირების მიზანია, სკოლების სამართლიანად წახალისება მოხდეს. მსმენია მოსაზრება, რომ შედეგად გაიზრდება კონკურენცია და ესა თუ ის სკოლა დამარცხებული აღმოჩნდეს. დიახ, კონკურენცია იქნება, მაგრამ შედეგი სწორედ კონკურენციას მოაქვს."
მაია ლიპარტელიანი: – სამწუხაროა, რომ განათლების სისტემაში რეფორმების დაგეგმვა ხდება მხოლოდ თბილისისათვის. უამრავი სოფელია საქართველოში, სადაც მხოლოდ ერთი სკოლაა და ბავშვები რამდენიმე კილომეტრს გადიან სკოლაში მისასვლელად. საინეტერესოა, როგორ უნდა მიიღოს ასეთმა სკოლებმა 10 ვარსკვლავი, როდესაც მათი დაფინანსება ხელფასების გაცემას ძლივს უზრუნველყოფს. ამასთან, მინისტრი ხშირად ახსენებს სკოლების ნაცვლად, კომპანიებს, კონკურენციას, საწარმოს და ა. შ. მინდა, ვუთხრა, რომ კონკურენცია და კომპანიები ბიზნესის სფეროა და არა – განათლების.
დ. შაშკინი: – "საკმაოდ წარმატებული შედეგი გვაქვს. 7 სკოლაში, სადაც მანდატურები შევიყვანეთ, ფიზიკური დაპირისპირების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა და გაიზარდა დასწრება. ანუ, პირობითად, თუ სკოლაში არ დადიოდა 100 ბავშვი, ეს რაოდენობა შემცირდა 90%-ით, ასევე შემცირდა დაგვიანებების რაოდენობა. ამიტომ სექტემბრიდან თბილისისა და ბათუმის ყველა სკოლაში შევლენ მანდატურები და ამჟამად მათი ტრენინგები მიმდინარეობს. მეორე ეტაპზე მანდატურები ასევე შევლენ ქუთაისის, ფოთისა და სხვა დიდი ქალაქების სკოლებში. ამასთან, თბილისისა და ბათუმის სკოლებში გაკეთდება უსაფრთხოების ზონები. კერძოდ, სკოლაში დაყენდება სათვალთვალო კამერები, რომელთა საშუალებითაც გაკონტროლდება დერეფნები და ეზოები. საკლასო ოთახებში კი არანაირი კამერები არ იქნება. ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია, რომელიც სამინისტროს მიერ დაზოგილი თანხებით დაფინანსდება".
მაია ლიპარტელიანი: – საინეტერესო ინიციატივაა იმ ფონზე, როდესაც ლაპარაკია მასწავლებლის ხელფასის მომატებაზე, მეტაბელეებისა და მთვლელების საშტატო ერთეულების გაუქმების ხარჯზე. და იქვე ამბობს, რომ ამას ეკონომიით გააკეთებს. მანდატურის ხელფასი დაახლოებით 800 ლარია და თუ ამას მივუმატებთ კამერების დამონტაჟებისათვის საჭირო თანხას, რითაც გაკინტროლდება დერეფნები და ეზოები (მიუხედავად იმისა, რომ სკოლა არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულება), გასაგებია, რომ პროცესი მიმდინარეობს პირიქით. ანუ მასწავლებელთა შემცირების ხარჯზე განხორციელდება სკოლის პოლიციურ დაწესებულებად ჩამოყალიბება. თუ მანდატურის სამსახურის ამოქმედებით გაიზარდა სკოლაში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი, დირექტორის შატატიც ხომ არ გაგვეუქმებინა და მანდატურებისთვის მიგვენდო სასწავლო პროცესის ორგანიზება?
დ.შაშკინი: – "ჩვენი სამინისტრო პროფკავშირებთან თანამშრომლობს და ამის მაგალითი დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართული კონფერენციაც არის, რომელიც სწორედ პროფკავშირების ორგანიზებულია. პროფკავშირების საქმიანობაში არასოდეს ვერევით. მათ მხოლოდ ის ვთხოვეთ, რომ სკოლის ბუღალტერიის მიერ ფულის გადარიცხვის მოთხოვნისას, თავად პროფკავშირის წევრმა უნდა დაწეროს განცხადება ხელფასიდან საწევროს გადარიცხვის თანხმობის შესახებ და ჩვენს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება. იმისთვის, რომ ჩვენ რომელიმე მასწავლებლის ხელაფსიდან პროფკავშირს საწევრო თანხა გადავურიცხოთ, თავად ამ ადამიანის ნებართვა გვჭირდება. პროფკავშირს კი სურს, რომ ეს თანხები მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი სიის საფუძველზე გადაირიცხოს. ეს კი ფაქტობრივად, 21-ე საუკუნის რეკეტია. აქ საუბარია 1,5 მილიონ ლარზე, რაც მცირე თანხა არ არის".
მაია ლიპარტელიანი: – მინისტრის ეს კომენტარი ნათლად ადასტურებს ჩვენს პრეტენზიას პროფესიული კავშირის საქმიანობაში ჩარების შესახებ. კერძოდ," ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრა ორგანიზებული იყო ე.წ. "სინდიკატის" მიერ. კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ "სინდიკატი" დაფუძნებულია სამი ადამიანის მიერ: ლალი რამინაშვილი - თბილისის 122–ე საჯარო სკოლის დირექტორი, ტარას შავშიშვილი - ფონდის "განათლების ინსტიტუტის" დამფუძნებელი და დირექტორი და მისი მეუღლე ნატო ჩაკვეტაძე.
კანონის "პროფესიული კავშირების შესახებ" მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად "პროფესიული კავშირის დაფუძნება შესაძლებელია სულ მცირე 100 ადამიანის ინიციატივით." მიუხედავად იმისა, რომ სინდიკატი არის სამი ადამიანის მიერ დაფუძნებული ორგანზიაცია, მინისტრი მას უწოდებს პროფესიულ კავშირს. სწორედ ამ ფაქტს იხილავდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მიმდინარე წლის 9 ივნისს, რის შედეგადაც საკმაოდ მკაცრი რეზოლუცია მიიღეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მინისტრი შეგნებულად უწოდებს "სინდიკატს" პროფესიულ კავშირს, რადგანაც ამით სურს მოახდინოს ღეალურად მოქმედი პროფკავშირის დისკრედიტაცია. უამრავი წერილი მივწერეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩვენთან დიალოგის გამართვის თაობაზე, რაზეც პასუხსაც არ გვცემს. ის, რა თქმა უნდა, კომფორტულად გრძობს თავს სინდიკატთან შეხვედრაზე, რომელიც მასწავლებელების ინტერესებს კია არა, სამინისტროს და მინისტრის პოზიციას ახმოვანებს. საზოგადოებას ახსოვს ტ. შავშიშვილის განცხადება მასწავლებლის უვადო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით: "უვადო ხელშეკრულება სატანასთან ერსებობს".
პროფკავშირში გაწევრიანებისა და ხელფასიდან საწევრო გადასახადის გადახდის თხოვნით განცხადებას წერს წევრი, როცა ერთიანდება პროფკავშირში და ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენი ყველა წევრის განცხადება არსებობს. რაც შეეხება მინისტრის განცხადებას კოლექტიური ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით, არსებობს კარგი ანდაზა: ფიცი მწამს, ბოლო მაკვორვებსო. მინისტრი თვითონ არ ასრულებს კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, რის თაობაზეც მივმართეთ მის იძულებით აღსრულებას. ამასთან, დღემდე ძალაშია სამინისტროსთან პროფკავშირის მიერ გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულება. აღნიშნულის საფუძველზე არ არსებობს არანაირი სამართლებრივი პრობლემა საწევროს გადარიცხვის. პრობლემის შექმნა სურს სწორედ სამინსიტროს, რათა პროფკავშირმა ხმა ვერ ამოიღოს ათასობით უკანონოდ გათავისუფლებული მასწავლებლის დაცვის მიზნით.
როცა მინისტრი პროფკავშირის საქმიანობას რეკეტს უწოდეს და 1.5 ლარზე მიუთითებს, ეს არის სწორედ მის საქმიანობაში ჩარევა და ზეწოლა. რეკეტია, როცა ყოველგვარი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე აცხადებს, რომ დანიშნავს სკოლის დირექტორებს, რომ მას სჭირდება ძლიერი დირექტორი და სუსტი სამეურვეო საბჭო და ა.შ. როცა მასწავლებელი თავისი ნებით იხდის საწევროს და მინისტრს ეს ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა ჰგონია, ეს მისი პრობლემაა. თუ მას აინტერესებს ამ თანხის ხარჯვის ინფორმაცია, შეუძლია მარტივად ჩვენს ვებ-გვერდზე (www. educator. ge) ნახოს, ან " საერთაშორისო გამჭვირვალობის" დასკვნას გაეცნოს.
დ. შაშკინი; – "ეთიკის სამივე კოდექსი 1-ელ ივლისს მზად იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ კოდექსების საფუძველზე იქმნება სკოლის შინაგანაწესი. კოდექსებში ისეთი ნორმები ჩაიდო, რომლებიც სრულიად მისაღები და ობიექტურია. მაგალითად, არ შეიძლება, მასწავლებელმა აწარმოოს სკოლაში პოლიტიკური ან რელიგიური პროპაგანდა, გამოიყენოს საკუთარი სტატუსი იმისთვის, რომ მოსწავლე კერძო საქმეზე გაგზავნოს. მაგალითად, მანდატურებმა დააფიქსირეს შემთხვევა, როცა მასწავლებლის დავალებით მოსწავლეებმა საფლავზე გვირგვინი მიიტანეს. ასევე, არ შეიძლება მოსწავლემ გაკვეთილზე "აიპოდს" მოუსმინოს ან ტელეფონზე ისაუბროს, მასწავლებელმა მოსწავლეების წინაშე სიგარეტი მოწიოს, დირექტორმა მასწავლებელს კაბის სიგრძე დაუწესოს და ასე შემდეგ."
მაია ლიპარტელიანი: – შინაგანწესი რის საფუძველზე უნდა შემუშავდეს, ნათლად არის განსაზღვრული შრომის კოდექსით. ის, რომ მასწავლებელმა სკოლაში არ უნდა აწარმოოს რელიგიური და პოლიტიკური პროპაგანდა, ეს ზოგადი განათლების შესახებ კანონშიც არის მითითებული. ამასთან, ეთიკა შინაგანი ღირებულებების ერთიანობაა და არ შეიძლება, მას ნორმატიული აქტის სახე ჰქონდეს. მოსწავლემ რომ გაკვეთილზე "აიპოდის" არ უსმინოს, ამ საკითხის მოწესრიგება ეთიკის კოდექსის გარეშე არ შეიძლება? სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით კი საქართველოს პარკლამენტს ცალკე კანონი აქვს მიღებული. ერთადერთი, რაც სამინისტროს ჯერჯერობით არ დაუწესებია, ის არის, რა რეჟიმით უნდა ისუნთქონ დირექტორებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, სხვა ყველაფერი მინისტრის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით განისაზღვრება".
პატივისცემით,
მაია ლიპარტელიანი
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა
თავისუფალი პროფკავშირის აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"