მოსკოვი მინსკს საერთაშორისო სამართლის მექანიზმებით ემუქრება
მოსკოვი მინსკის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის მექანიზმებს აამოქმედებს, თუ ბელორუსის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის საფრთხეს შეექმნება.
ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, სერგეი შმატკომ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"თუ ჩვენ ტრანზიტთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნება, რუსეთი ბელორუსის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის იმ მექანიზმებს ამოქმედებს, რომლებიც რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებობს", - აღნიშნა შმატკომ.
მან კომენტარი გააკეთა ბელორუსის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ედუარდ ტოვპენეცის განცხადებაზე.
ტოვპენეცის განმარტებით, გაზის ტრანზიტისთვის "გაზპრომის" ვალი ბელორუსისადმი 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ რუსეთის მხრიდან მინსკის წინააღმდეგ განხორციელებულმა სანქციებმა შესაძლოა, ბელორუსის გავლით გაზის ტრანსპორტირებაში პრობლემები გამოიწვიოს.
რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერის, ზურაბ ზუბკოვის განცხადებით კი, რომელიც ამჟამად "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოს თამვჯდომარეობს, ბელორუსს რუსეთისათვის არ წარუდგენია გაზის ტრანზითთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
"ჩვენ მათ ვეუბნებით, ჩვენ თქვენი გვმართებს _ აი, შესაბამისი დოკუმენტაცია. ისინი კი გვპასუხობენ _ ჩვენი გმართებთ, მაგრამ დოკუმენტაცია არა გვაქვს", _ დასძენს ზურაბ ზუბკოვი. მისივე თქმით, ამჟამად სანკ-პეტერბურგში "გაზპრომსა" და ბელორუსს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

























