დანაშაულისა და სასჯელის შესახებ დღეს კონფერენცია გაიმართება

დანაშაულისა და სასჯელების შესახებ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დღეს, კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციის ორგანიზატორია ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG).

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ მისიის ხელმძღვანელობიდან აცნობეს, მომხსენებლები მოკლე შესავალს გააკეთებენ დანაშაულისა და სასჯელის ძირითადი ცნებების შესახებ, ასევე იმ განსხვავებულ დოქტრინებზე, რომლებიც სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობის მიღმა არსებობს. ამასთანავე, ისინი წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სასჯელთა გამოყენების შესახებ მოკლე ანალიზს. კონფერენციაზე იქნება დისკუსია ნულოვანი ტოლერანტობის, როგორც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტის შესახებ.

ძირითადი მომხსენებელი იქნება ნორვეგიელი პროფესორი ნილს კრისტი, რომელიც ითვლება კრიმინოლოგიის სფეროს ერთ-ერთ ფუძემდებლად. მას აქვს სამეცნიერო კვლევების მდიდარი გამოცდილება.

ნორვეგიის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ივერ უიტფელდი წარმოადგენს შედარებით ანალიზს სხვადასხვა ქვეყნებში სასჯელთა განაკვეთების შესახებ. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საკუთარ გამოცდილებაზე, რომელიც მოლდოვის მთავრობის სამართლებრივ მრჩევლად მუშაობისას შეიძინა ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიაში.

ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება კრიმინოლოგიის სფეროს ქართველი პროფესორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი მორის შალიკაშვილი. შალიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლადჩამოყალიბებული კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. იგი ყურადღებას გაამახვილებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე და ნულოვანი ტოლერანტობის კონცეფციაზე.

პლენუმის წევრები კონფერენციის დასასრულს მონაწილეებთან ერთად გააკეთებენ შეჯამებას გაიმართება დისკუსია.