მამუკა ქაცარავა - ქალაქის ჯანდაცვის სისტემის სადაზღვევო პრინციპებზე გადასვლას 3-4 წელი დასჭირდება
ქალაქის ჯანდაცვის სისტემის სადაზღვევო პრინციპებზე გადასვლას 3-4 წელი დასჭირდება, - ამის შესახებ, დღეს, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქალაქში სულ დაზღვეულია 250 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სოციალურად დაუცველი პირები - სამედიცინო დაზღვევის დახმარების პროგრამით; პროგრამის ბიუჯეტი კი, 13,5 მლნ-ზე მეტ ლარს შეადგენს. ქაცარავას მიაჩნია, რომ ყველაზე საუკეთესო იქნება, თუ ჯანდაცვა გადავა საყოველთაო დაზღვევის პრინციპებზე; თუმცა, ამ მომენტისთვის ეს შეუძლებელია, რადგან საჭირო ფინანსური და სტრუქტურული რესურსები არ არსებობს.
ქაცარავას თქმით, დაზღვევა დიფერენცირებული უნდა იყოს და თითოეულ ადამიანს, მისივე თანამონაწილეობით, სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტზე სხვადასხვა პროცენტული ოდენობით უნდა აფინანსებდეს.
"ქრისტიან-დემოკრატების" ფრაქციის თავმჯდომარე ინგა გრიგოლიამ კომენტარი გააკეთა მამუკა ქაცარავას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ჯანდაცვის სისტემა შესაძლოა 3-4 წლის შემდეგ გადავიდეს სადაზღვევო პრინციპებზე და განაცხადა, რომ ქაცარავას მიერ გამოთქმული აზრი უფრო სურვილების პოლიტიკას წარმოადგენს, ვიდრე შედეგს.

























