"ქრისტიან-დემოკრატებს" ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ქართველი ხალხის მენტალიტეტიდან დისტანცირებულ დოკუმენტად მიაჩნიათ .
ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში, ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, რომელიც "ადვოკატთა ასოციაციის" წარმომადგენლებთან ერთად გამართეს.
ლალიაშვილის თქმით, "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ბევრი ნაღმია ჩადებული და რომელი ნაღმების გაპარებაც გასულ წელს ვერ შეძლეს, წელს "პოლიციის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით "გააპარეს".
დეპუტატისვე განცხადებით, ახალი კანონმდებლობით "შინაგანი რწმენა" ქრება, თუმცა დეპუტატს ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია, რადგან მისივე აზრით, დღეს პროკურორებისა თუ მოსამართლეების მორალური მხარე, მინიმუმამდეა დასული.
"ეს კოდექსი არ ასახავს იმ ხალხის ზნე–ჩვეულებებს, რომელთათვისაც უნდა იყოს დაწერილი", – განაცხადა ლალიაშვილმა და დასძინა, რომ კოდექსი ქართველი ხალხის მენტალიტეტისგან ძალიან დისტანცირებულია.
"ქრისტიან-დემოკრატები" პირობას დებენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კოდექსს აუცილებლად შეცვლიან.
სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი პარლამენტმა გასულ წელს მიიღო, ძალაში კი 1-ელ ოქტომბერს შედის. "ადვოკატთა ასოციაციამ" კოდექსში ცვლილებების პროექტი მოამზადა, რომლის ინიცირებასაც საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" მოახდენენ.