საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თეატრისა და კინოს მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა. ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მოსკოვის დიდი თეატრის მსახიობს პრეზიდენტის სასახლეში გადაეცა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაჯილდოების ცერემონიაზე მსახიობის იმ განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა, რომელიც ბასილაშვილმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში შეიტანა.
"ვფიქრობ, რაც თქვენ გააკეთეთ, არა მარტო იმიტომ, ქართველი ხართ, არამედ თქვენი საზოგადოებრივი მოღვაწეობისას ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისა და დაახლოებისთვის, ამის დაფასება შეუძლებელია _ განსაკუთრებით იმ დროს, როცა სხვა მოღვაწეები ბევრს აკეთებდნენ ხალხების ერთმანეთისგან დასაშორებლად", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ხალხების ცხოვრებაში არის პერიოდები, როცა წინ თითქმის გადაულახავი პრობლემებია, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, მათ ერთმანეთი არ უნდა დაკარგონ.
"გადმოგცემთ ამ ორდენს ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ამავდროულად, ჩვენი ხალხების ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ქართველი ხალხის მადლიერების ნიშნად, რომელსაც არ უნდა დაავიწყდეს ისინი, ვინც რთულ მომენტში სამოქალაქო პოზიციაზე _ მეგობრობისა და სამართლიანობის მხარეს იდგა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"