თბილისობის დღესასწაული მომავალ კვირაშიც გაგრძელდება

თბილისობის დღესასწაული მომავალ კვირაშიც გაგრძელდება.
როგორც თბილისის მერიის პორტალზეა აღნიშნული, სადღესასწაულო ღონისძიებების მეხუთე დღის პროგრამა საქართველოს ქალთა საბჭოს ღონისძიებით დაიწყება. საქართველოს ეროვნულ არქივში გამოფენა - "მრავალფეროვანი თბილისი" და დოკუმენტური ფილმის ჩვენებას გაიმართება.
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში კი თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეების, გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების აღსაზრდელებისა და გოგა პიპინაშვილის საბავშვო სტუდია "არტ ჰოლის" ბავშვთა ნახატები გამოიფინება.
ნიკო ჭავჭავაძის სახელობის ფილოსოფიისა და კულტურის ცენტრში კი გია ჯანბერიძის წიგნის _ "თბილისი, თანამედროვე ქანდაკება" პრეზენტაცია და ცნობილ მოქანდაკეთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
მოდის კვირეულის ფარგლებში დიზაინერთა მოდელების ჩვენება შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზებში ხვალაც მოეწყობა.
25 ოქტომბრის სადღესასწაულო ღონისძიებების პროგრამას შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში გრეგორი რეჯინის ფარაჯანოვისადმი მიძღვნილი ინსტალაციური გამოფენა "ცხოვრების ფერი" დაასრულებს.

























