"კავკასუს ონლაინმა" განახლებული ლოგოსა და ახალი სერვისების პრეზენტაცია გამართა. პომპეზური ცერემონია "თბილისი ივენთ ჰოლში" გაიმართა და მას თბილისის მერი გიგი უგულავაც დაესწრო .
როგორც "კავკასუს ონლაინის" გენერალურმა დირექტორმა გია ადეიშვილმა განაცხადა, დაწყებულია "კავკასუსის" რებრენდინგის პროცესი, რომელიც ლოგოსა და კორპორატიული სტილის შეცვლასთან ერთად, ტექნოლოგიურ ცვლილებებსაც გულისხმობს.
"მიწისქვეშა ოპტიკური სადენი თითოეულ სახლთან მიდის. შედეგად, მომხმარებელი მიიღებს გაცილებით სწრაფ, ხარისხიან და სტაბილურ ინტერნეტს, ასევე IP ტელევიზიას მრავალფეროვანი ფუნქციებით და ისარგებლებენ IP ტელეფონით, სადაც ხმოვანი სიგნალის გადაცემა ციფრულად ხდება. კომპანია რებრენდინგის პროცესშია, დღეს არის შუალედური პერიოდი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია მომხმარებელს უკვე შევთავაზოთ ახალი სერვისები. მომხმარებელს მომსახურეობის მაქსიმალურ კომფორტს ვპირდებით", - განაცხადა ადეიშვილმა.
პრეზენტაციაზე "კავკასუსის" გენერალურმა დირექტორმა თბილისის მერთან ერთად ოპტიკური ინტერნეტის სადენი სიმბოლურად შეაერთა. როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, როცა საუბარია თანამედროვე ქალაქზე, მთავარი ცვლილება, რომლის განხორციელება აუცილებელია, არის მძლავრი, სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი.
"ამის გარეშე ფუჭია კარგი სოციალური ინფრასტრუქტურა, კარგი განათების ინფრასტრუქტურა, კარგი ქუჩები, რადგან თანამედროვე ეკონომიკა დაფუძნებულია ინტერნეტზე. ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი ამ სფეროში იქმნება. დღეს ამ კომპანიაში 600 ადამიანი მუშაობს. მაგრამ მაინც მთავარია ხარისხი. თუ არის სწრაფი ინტერნეტი, ბევრად უფრო სწრაფად არის შესაძლებელი სხვადასხვა სერვისზე ორიენტირებული ბიზნესის შექმნა, შესაბამისად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის თანამედროვე განვითარების ქვაკუთხედი. მიხარია, რომ დღეს ამის შესაძლებლობა გვაქვს", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ეს ისტორიული ნაბიჯია, რადგან იმისთვის, რომ თბილისი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქალაქი იყოს, მას სწრაფი და ხარისხიანი ინტერნეტი უნდა ჰქონდეს.
პრეზენტაციას მოწვეული სტუმრების სტატუსით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"