"თავისუფალი დემოკრატები" 7 ნოემბრის მოვლენებს ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ მასშტაბურ დანაშაულად აფასებენ

"თავისუფალი დემოკრატები" 7 ნოემბრის მოვლენებს ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ მასშტაბურ დანაშაულად აფასებენ

"თავისუფალი დემოკრატები" 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს, ხელისუფლების მხრიდან ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ მასშტაბურ დანაშაულად აფასებენ.

როგორც პარტიის მიერ, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2007 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ გადამეტებული ძალის გამოყენებითა და დაუნდობლობით, რამდენიმე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. ასევე თავდასხმა განახორციელა კერძო ტელეკომპანია "იმედზე".

"თავისუფალი დემოკრატების" განცხადებით, იმ დღეს უხეშად დაირღვა კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით გარანტირებული მოქალაქეთა უფლებები, თუმცა მიუხედავად ამისა, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის არც ორგანიზატორები და არც შემსრულებლები აქამდე არ დასჯილან.

პარტიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საზოგადოებას იმ დროისთვის სამართლიანი მოთხოვნები ჰქონდა, რომლებიც დღემდე არ დაკმაყოფილებულა.

"თავისუფალი დემოკრატების" განცხადებით, 7 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზას გადაუხვია და აქედან გამომდინარე, ეს დღე ყოველთვის მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის გამოხატვის სიმბოლოდ დარჩება.

2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. შეტაკებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.