უცხოური პრესა საქართველოში ხელისუფლებისა და "რუსთავი 2"-ის საეჭვო ურთიერთობებზე წერს

უცხოური პრესა საქართველოში ხელისუფლებისა და "რუსთავი 2"-ის საეჭვო ურთიერთობებზე წერს

გამოცემა "The Christian Science Monitor"-ი საქართველოში რუსეთის "აგენტურული ქსელის" გამოვლენას ეხმაურება და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საეჭვო ურთიერთობებზე წერს .

სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორინპრესი" ავრცელებს, ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც სააგენტო "Reuters"–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებსა და სამთავრობო სტრუქტურებში დიდი აგენტურული ქსელის შექმნისთვის 20 ქართველი დააკავეს, საქართველოში ათასგვარი ჭორი გავრცელდა.

"მაშინ ქართულმა პოლიციამ დაპატიმრებების შესახებ ინფორმაციის არც უარყოფა და არც დადასტურება არ ისურვა და პარასკევის პრესკონფერენციამდე სკანდალის შესახებ ფაქტობრივად არანაირ ინფორმაციას არ გამოუჟონავს, თუმცა პროსახელისუფლებო ტელეარხმა "რუსთავი 2"-მა პარასკევს განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე გამოძიების შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რაც ჟურნალისტებისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე ეჭვებს აჩენს", - აღნიშნულია უცხოურ გამოცემაში.

როგორც "The Christian Science Monitor"-ი წერს, წარსულში, ქართულ ტელეარხებს უკვე ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ისინი ანტიმოსკოვური გზავნილების გავრცელებაში ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ. "ამ მხრივ მნიშვნელოვანი მაგალითია ახალი ამბების სიუჟეტი, რომელიც ეთერში ამ წლის დასაწყისში გავიდა და სადაც არქივის კადრებით ინსცენირებული იყო საქართველოში რუსეთის ხელახალი ინტერვენცია და შემდგომ მოსკოვის "მარიონეტული რეჟიმის" დამყარება, რომელსაც სათავეში ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჩაუდგებოდა", - ნათქვამია სტატიაში.