ფილიპ გორდონი - სუვერენული ქვეყნის ოკუპაცია რუსეთს არ მისცემს საშუალებას, ჰქონდეს ის ავტორიტეტი, რაც სურს

ფილიპ გორდონი - სუვერენული ქვეყნის ოკუპაცია რუსეთს არ მისცემს საშუალებას, ჰქონდეს ის ავტორიტეტი, რაც სურს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი რუსულ-ქართული ურთიერთობების მოსაგვარებლად საერთაშორისო ზეწოლის არსებობაზე საუბრობს და ხაზს უსვამს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში რუსეთის რეპუტაციას.

"ვფიქრობ რუსულ-ქართული კონფლიქტის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი საერთაშორისო ზეწოლა არსებობს. რუსეთის ურთიერთობა ბევრ ქვეყანასთან, ასევე მისი რეპუტაცია მთელ მსოფლიოში, ვერ იქნება ისეთი, როგორიც მას უნდა, რომ ჰქონდეს. სუვერენული ქვეყნის ოკუპაცია მას არ მისცემს საშუალებას, ჰქონდეს ის ავტორიტეტი, რაც მას სურს. როცა რუსეთმა ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ეგონა, სხვა ქვეყნებიც მიბაძავდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა", - განუცხადა გორდონმა რადიო "თავისუფლების" ევროპის ბიუროს.

გორდონი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის, თუ აშშ იტყვის, რომ არ ეძებს რუსეთთან საერთო ენას და შეხების წერტილებს. მისი თქმით, აშშ სულ ცდილობს, რომ საქართველოს საკითხი გადაწყდეს და ამიტომაც ეხმარება საქართველოს ჟენევის მოლაპარაკებებში.

"ჟენევა ომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმია. ვეცდებით, ეუთო ისევ დავაბრუნოთ საქართველოში, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. მოუწოდებთ სხვა ქვეყნებს, არ ცნონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.