განათლების სამინისტროსთან აქცია დასრულდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სკოლის მოსწავლეების აქცია დასრულდა .
მთელი დღის განმავლობაში თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები განათლების სამინისტროსგან საატესტატო გამოცდების გაუქმებას ითხოვდნენ.
მოსწავლეები თავდაპირველად პარლამენტთან შეიკრიბნენ, ხოლო მოგვიანებით, განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლეს.
მოსწავლეთა განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციებს პერმანენტულ სახეს მისცემენ. ისინი ამბობენ, რომ მათთვის შეუძლებელია საატესტატო გამოცდების ჩაბარება, ვინაიდან საგამოცდო ნუსხაში არის შესული ფიზიკის და ქიმიის საგნები, ეს საგნები კი, მხოლოდ 1 თვის განმავლობაში ისწავლეს. საატესტატო გამოცდების ჩაუბარებლობის შემთხვევაში კი, ისინი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ.
ამასთან, დღეს ამ თემაზე კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმაც.
"საატესტატო გამოცდები ჩატარდება და ეს არის გარდაუვალი. გამოცდები იქნება საკმაოდ ადვილი. ჩატარდა ტესტი, რომელმაც აჩვენა, რომ 95% საატესტატო გამოცდებს ჩააბარებს",- აღნიშნა მინისტრმა.

























